ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის სრულად აღდგენილია.
ესპანეთის პრემიერმინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, დაძაბული ღამის შემდეგ ელექტრომომარაგების 99.95% აღდგენილია.
ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიუხედავად, ესპანეთის სამ რეგიონში ამ დრომდე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა. სანჩესის თქმით, უახლოეს წუთებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არსებული სიტუაციის გასაანალიზებლად კვლავ შეიკრიბება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ ეტაპზე ესპანეთში სარკინიგზო ტრანსპორტი კვლავ შეფერხებებით მოძრაობს. რაც შეეხება საავადმყოფოებს, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად ყველა საავადმყოფოს მიეწოდება ელექტროენერგია და მათ ასევე აქვთ საკმარისი საწვავი გენერატორებისთვის.
პარალელურად, პორტუგალიის მთავრობის ცნობით, ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია და შეფერხებების გარეშე ფუნქციონირებს რკინიგზა და ყველა აეროპორტი.
ცნობისთვის, 28 აპრილს ესპანეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაწილებში ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა მოხდა, რამაც აეროპორტებისა და ტრანსპორტის შეფერხება გამოიწვია. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი.