საუდის არაბეთმა და კატარმა გამოაცხადეს, რომ სირიას მსოფლიო ბანკისგან აღებულ ვალს გადაუხდიან, რომელიც ჯამში დაახლოებით 15 მილიონ დოლარს შეადგენს. ვალის გადახდამ ახალი ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის აღდგენის ძალისხმევა შესაძლოა მნიშვნელოვნად წინ წაწიოს.
ვალის სრულად დაფარვა მსოფლიო ბანკს შესაძლებლობას მისცემს, რომ სირიაში 14-წლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნის მხარდაჭერა განაგრძოს და დაფინანსება მიაწოდოს.
კატარისა და საუდის არაბეთის განცხადების მიხედვით, სირიის ახალ მთავრობას შეეძლება, რომ რეკონსტრუქციის ძალისხმევის ასაჩქარებლად საჭირო დაფინანსებასა და ტექნიკურ მხარდაჭერაზე წვდომა მოიპოვოს.
სირიის ახალმა მთავრობამ კატარისა და საუდის არაბეთის ნაბიჯისთვის "ღრმა მადლიერება" გამოხატა.
"ეს [ნაბიჯი] ასევე შესაძლებელს ხდის, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა გავააქტიუროთ, რათა აღდგენისა და რეკონსტრუქციის საკითხები წინ წავწიოთ". - წერია სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საუდის არაბეთმა და კატარმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება აპრილში ვაშინგტონში მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეხვედრებზე გამართულ დისკუსიებზე მიიღეს.
საუდის ფინანსთა მინისტრმა, IMF-ის ხელმძღვანელმა და მსოფლიო ბანკმა დაფინანსების გამოცხადებამდე საერთო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ღონისძიებამ "სირიის ხელისუფლებას მიაწოდა პლატფორმა, რათა წარმოეჩინათ მათი მიმდინარე ძალისხმევა ქვეყნის სტაბილიზაციისა და აღმშენებლობის, სიღარიბის შემცირებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების მიღწევის მხრივ".
"გადაუდებელი გამოწვევები, რომელთა წინაშეც სირიის ეკონომიკა დგას, და ხელისუფლების მხრიდან აღდგენისა და განვითარების ძალისხმევისადმი კოლექტიური ერთგულება ფართოდ აღიარებული იყო". - ეწერა განცხადებაში.
ცნობისთვის, ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ სირიაში ეკონომიკური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. გაეროს მონაცემებით, კონფლიქტის დაწყებიდან ქვეყანაში სიღარიბის დონემ 90%-ს მიაღწია, ქვეყნის 66% კი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. გარდა ამისა, სირიული გირვანქა მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ომის დაწყებამდე აშშ დოლარის გაცვლითი კურსი 50 სირიული გირვანქა იყო, ომის დასრულების შემდეგ კი - 15 000 სირიული გირვანქა.
მანამდე, აჰმედ ალ-შარაამ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება და აბრაამის შეთანხმებებთან შეერთების სურვილი გამოთქვა.
გამოცემა Bloomberg-თან საუბრისას ამერიკელმა კონგრესმენმა და აშშ-ს საგარეო საქმეთა და შეიარაღებული ძალების კომიტეტების წევრმა, კორი მილსმა აღნიშნა, რომ სირიის პრეზიდენტთან შეხვედრისას მან აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების მოხსნის პირობები და ისრაელთან მშვიდობის დამყარების შესაძლებლობები განიხილა.
19 აპრილს კონგრესმენები კორი მილსი და მარლინ სტუცმანი დამასკოში აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოდან პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ალ-შარაამ მილსს შეხვედრისას უთხრა, რომ სირია "სწორი პირობების შემთხვევაში" აბრაამის შეთანხმებებთან შეერთებით არის დაინტერესებული.