გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო, სავარაუდოდ, უკრაინაში ათასობით სამხედრო პერსონალის გეგმაზე უარს იტყვის, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები დახმარების გარეშე არ დარჩებიან.
როგორც წერს გამოცემა, აღნიშნულ გეგმას გაერთიანებული სამეფო, სავარაუდოდ, მაღალი რისკების გამო გადახედავს, რომლებიც მსგავსი ოპერაციის განხორციელებას ახლავს თან, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში შესაძლოა კონფლიქტი გამწვავდეს.
გამოცემის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ გაერთიანებული სამეფო და ევროპა აღარ განიხილავენ ადგილზე იმ სახმელეთო ძალების განთავსებას, რომლებიც მშვიდობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვან ქალაქებს, პორტებსა და ატომურ ელექტროსადგურებს დაიცავდნენ.
როგორც იუწყება The Times, დასავლეთი უკრაინის მიმართ სამხედრო დახმარების გაწევის კუთხით სტრატეგიას ცვლის და ცდილობს აიძულოს მოსკოვი, გადახედოს საკუთარ "წითელ ხაზებს", რათა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდეს.
ამასთან, უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც უკრაინას უკავშირდება, ახლა უფრო მეტად ფოკუსირებულია მისი არმიის აღდგენასა და ხელახალ გაწვრთნაზე, აგრეთვე საჰაერო და საზღვაო თავდაცვით მხარდაჭერაზე.
რაც შეეხება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, როგორც წერს გამოცემა, ევროპიდან იარაღის მიწოდება ისევ გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა ნებისმიერი შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში ძლიერი პოზიციით შეხვდება რუსეთის ქმედებებს.
ცნობისთვის, კირ სტარმერმა 15 მარტს "მსურველთა კოალიციის" ლიდერებთან შეხვედრაზე უკრაინაში დასავლური სამშვიდობოების კონტინგენტის შესახებ გეგმა წარმოადგინა.
The Times-ის წყაროების ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო მზად არის 10 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გაგზავნოს უკრაინაში.
გარდა ამისა, შეხვედრაზე კირ სტარმერმა კიდევ რამდენიმე ქვეყნის მხარდაჭერა მოიპოვა, რომელიც კონფლიქტის ზონაში სახმელეთო ძალების გაგზავნას დათანხმდა.
15 მარტის შეხვედრაზე 35-მდე ქვეყანა პოტენციური სამშვიდობო მისიისთვის იარაღის მიწოდებასა და ლოჯისტიკური და სადაზვერვო მხარდაჭერის გაწევაზე შეთანხმდა, თუმცა, სავარაუდოდ, უკრაინაში ჯარების ძირითად ნაწილს გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი განალაგებენ.
"ეს იქნება მნიშვნელოვანი ძალა მრავალი ქვეყნის მონაწილეობით, რომლებიც ჯარებს განალაგებენ და კიდევ უფრო დიდი ჯგუფი იმ ქვეყნებისა, რომლებიც სხვა გზით შეიტანენ წვლილს". - აღნიშნა The Times-ის წყარომ.
მანამდე, 8 მარტს, ცნობილი გახდა, რომ ავსტრალია განიხილავს ევროპული ქვეყნების "მსურველთა კოალიციაში" გაწევრიანებას, რომელიც უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერის ოფისის მიერ 8 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
2 მარტს, გაერთიანებულმა სამეფო და საფრანგეთი გამოვიდნენ იდეით, რომ ევროპელმა მშვიდობისმყოფელებმა უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი უზრუნველყონ. მიუხედავად მოლაპარაკებების პროგრესისა, სტარმერმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი კოალიციის წარმატებისთვის ევროპას "მტკიცე ამერიკული მხარდაჭერა" სჭირდება.
სტარმერმა არ დააკონკრეტა, თუ რომელი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას კოალიციაში, თუმცა თქვა, რომ "რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოთქვა სურვილი, გახდეს იმ გეგმის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ".
გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა 6 მარტს დაადასტურა, რომ დაახლოებით 20 ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელთა უმეტესობა "ევროპელი და [ერთა] თანამეგობრობის პარტნიორები" არიან.