მზია ამაღლობელის საქმე

100 დღე შესრულდა, რაც ამაღლობელი ტყვეობაში იმყოფება - მედიის ადვოკატირების კოალიცია

მედიის ადვოკატირების კოალიცია ივანიშვილის რეჟიმის მიერ დაპატიმრებულ "ბათუმელებისა და ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს - 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო დღეს, 22 აპრილს, ამაღლობელს პატიმრობის 100 დღე შეუსრულდა.

როგორც მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული, მზია ამაღლობელს პატიმრობის 100 დღე შეუსრულდა, ხოლო მის საქმეში ე.წ. "დაზარალებულ პოლიციელებს" მხარდამჭერად ცრუ მოწმეები და გაყალბებული ვიდეომასალა მოჰყავთ.

კოალიცია აღნიშნავს, რომ ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა.

"დღეს ასი დღე შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება.

მზია ამაღლობელის საქმეში "დაზარალებულ" პოლიციელებს მხარდამჭერად ცრუ მოწმეები და გაყალბებული ვიდეომასალა მოჰყავთ. მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა, რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, საზოგადოებას დაუკარგოს რწმენა საერთო კეთილდღეობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის მნიშვნელობის მიმართ.

საზოგადოება იდგება სიმართლის მხარეს, ისევე, როგორც მზია ამაღლობელი, რომელმაც, როგორც ჟურნალისტმა, სიმართლის ძიება და მისი გახმოვანება პროფესიად და ცხოვრების წესად აირჩია". - წერია განცხადებაში

კომენტარები