ივანიშვილის წარმომადგენელი მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა - შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ბრიფინგი გამართეს. ბოჭორიშვილის თქმით, მიუღებელია ზოგიერთი აქტორის მხრიდან ამ ინსტიტუტების ვიწრო, პოლიტიკური ინტერესებისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების რაიმე სახის მცდელობები.
"საქართველო პატივს სცემს ეუთო-ს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს. ჩვენთვის მიუღებელია ზოგიერთი აქტორის მხრიდან ამ ინსტიტუტების ვიწრო, პოლიტიკური ინტერესებისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების რაიმე სახის მცდელობები. საქართველო ბოლო პერიოდში ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში საგარეო ჩარევების ღია მცდელობების თვალსაჩინო მაგალითი გახდა.
ხშირად ვხედავთ ასევე საერთაშორისო ინსტიტუტების არასწორად გამოყენების მცდელობებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის სწორედ იმ ფუძემდებლურ პრინციპებთან, რასაც ეფუძნება საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვაც უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების ვალი.
საქართველოს ხელისუფლება არის ეუთო-სა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგული და იგივე მოლოდინი აქვს თავისი პარტნიორების მხრიდანაც. ხელისუფლებას არაერთხელ დაუდასტურებია საკუთარი ნდობა ეუთო-სადმი. ამის ნათელი მაგალითი გახლდათ ეუთო/ოდირის მოწვევა, გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად და მისიის საქმიანობის განხორციელებისთვის მაქსიმალური ხელის შეწყობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოდირ-ის რეკომენდაციები და მზად ვართ თანამშრომლობა გავაგრძელოთ მათ შესასრულებლად" - თქვა ბოჭორიშვილმა.
ბრიფინგზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ივანიშვილის რეჟიმს საჭიროდ მიაჩნია გალის მექანიზმის უპირობო განახლება.
"თქვენ გექნებათ შესაძლებლობა თავად გაემგზავროთ საოკუპაციო ხაზთან, საკუთარი თვალით იხილოთ ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გაეცნოთ ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს. საქართველოს საკითხზე მსჯელობა ეუთო-ს ფარგლებში უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად. ჩვენ ვაფასებთ ეუთო-ს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ასევე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას. შესაბამისად, საჭიროდ მიგვაჩნია გალის მექანიზმის უპირობო განახლება" - თქვა ბოჭორიშვილმა.
ეუთოს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს თქმით, ორგანიზაცია მოწოდებულია, ჩაერთოს საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებაში ყველანაირი თვალსაზრისით და ყველა იმ საშუალებით, რომელიც ორგანიზაციას გააჩნია.
"ინციდენტების პრევენციის მექანიზმი, ფაქტობრივად, უკვე სამოცი წლისაა. ეს გახლავთ ორგანიზაცია, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება, განსაკუთრებით იმ რეგიონებსა და ქვეყნებს შორის, რომლებიც კონფლიქტში იმყოფებიან. ჩვენ გაგვაჩნია მედიაციის მრავალპლანოვანი საშუალებები, რომლებსაც ასეთ შემთხვევებში ვიყენებთ. ჩვენ უწყვეტად ვცდილობთ, რომ ჩავერთოთ კონფლიქტების რეგულირების საქმეში. სტაბილურობა საქართველოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც მისი ხალხისთვის, ისე მთლიანად რეგიონის ინტერესებისთვის, მასში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებისთვის. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად ათეული წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენ გვინდა საქართველოს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ მოწოდებულები ვართ, ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებაში ყველანაირი თვალსაზრისით და ყველა იმ საშუალებით, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას გააჩნია" - თქვა სინირლიოღლუმ.





