დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

თეთრი სახლი ამერიკელი პატიმრების უცხო ქვეყნის ციხეებში გაგზავნის კანონიერებას იკვლევს

კეროლაინ ლივიტი
Chip Somodevilla/Getty Images

15 აპრილს თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა თქვა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ს მოქალაქეების სალვადორის ციხეებში გაგზავნის კანონიერებას "იკვლევს".

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ექსპერტების თქმით, ამერიკელი პატიმრების უცხო ქვეყნების ციხეებში გაგზავნა კონსტიტუციის მერვე შესწორებას არღვევს, რომელიც "სასტიკ და უჩვეულო" სასჯელს კრძალავს.

რეპორტიორის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა თეთრ სახლს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამერიკელი პატიმრების ცენტრალური ამერიკის ციხეებში დეპორტაციის უფლებამოსილება აქვს, ლივიტმა უპასუხა, რომ "ეს მორიგი საკითხია, რომელიც პრეზიდენტმა წინ წამოწია".

"ეს სამართლებრივი საკითხია, რომელსაც პრეზიდენტი იკვლევს". - დაამატა მან. 

ლივიტის თქმით, ტრამპი "ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ეს კანონიერი იქნება, და იმ ამერიკელებისთვის, რომლებიც ყველაზე ძალადობრივი, გამორჩეულად მძიმე, განმეორებით დამნაშავეები არიან, რომლებიც ამ ოთახში არავის სურს, რომ მათ სამეზობლოში ცხოვრობდნენ".

კომენტარები