Amnesty International წერილით მიმართავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს, კოკა კაციტაძეს და გამოცემების ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელისთვის სამართლიანობას მოითხოვს. ასევე, წერილში ნათქვამია, რომ უნდა დადგეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის პასუხისმგებლობის საკითხი ამაღლობელის წინააღმდეგ ძალის გადამეტებისა და სხვა დარღვევების გამო.
"მზია ამაღლობელის დაკავების გარემოებები, მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობა და სასამართლო პროცესი მკვეთრ ეჭვებს აჩენს მისი დევნის მოტივებზე. თუ შევადარებთ, როგორი აშკარა დაუსჯელობით სარგებლობენ პოლიციელები, ნათელი ხდება, რამდენად დისკრიმინაციულად ეპყრობა ქართული მართლმსაჯულების სისტემა მას და სხვა დემონსტრანტებს" – წერია Amnesty International-ის წერილში.
"მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ ირაკლი დგებუაძისა და ყველა იმ პოლიციის ოფიცერის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დაკავებებში და ბრალად ედებათ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობა, თანამდებობიდან მოხსნა, მანამ, სანამ მათ წინააღმდეგ არსებული ყველა ბრალდების გამოძიება არ მოხდება და შესაბამისი დისციპლინალური, ადმინისტრაციული ან კრიმინალური მოქმედებები არ დაიწყება სამართლიანი სასამართლოს თანახმად. მოვითხოვთ, მზია ამაღლობელისა და ყველა სხვა ქართველი დემონსტრანტის უფლებების დაცვას, მათ შორის, სამართლიანი სასამართლოს, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლებების" – ვკითხულობთ წერილში.