რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"პუტინი ბოროტებაა" – ტრამპის რელიგიური მრჩეველი ხალხს უკრაინის დახმარებისკენ მოუწოდებს

The Kiev Independent-თან ინტერვიუში ტრამპის რელიგიურმა მრჩეველმა და ყოფილმა კონგრესმენმა მარკ ბერნსმა თქვა, რომ უკრაინაში ჩასვლის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ხედვები შეეცვალა და ახლა ის ყველა რესპუბლიკელსა და ამერიკელს ომში მყოფი ქვეყნის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რადგან ეს სწორედ "ამერიკის წინ დაყენებაა".

ბერნსი, რომელსაც გამოცემა Time ერთ-ერთ სტატიაში "ტრამპის პირველ პასტორად" ახასიათებს, ამბობს, რომ წარსულში ის უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგი იყო, რადგან "ყალბი მედიის" მიერ გავრცელებული ცნობების სჯეროდა, რომლის მიხედვითაც "უკრაინას ეკლესია ეზიზღება", თუმცა უკრაინაში ჩასვლის, მათ შორის ბუჩის დათვალიერების, შემდგომ მას შეხედულება შეეცვალა.

"როცა ასეთ საშინელებებს უსმენ… ამან ჩემი ხედვები შეცვალა. ახლა მჯერა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ამერიკის წინ დაყენებას ნიშნავს" - თქვა ბერნსმა ინტერვიუში

ბერნსი აღნიშნავს, რომ ის ტრამპის მტკიცე მხარდამჭერი რჩება და მისი ახალი პოზიცია პრეზიდენტის პოლიტიკის კრიტიკას არ წარმოადგენს.

"ამიტომ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა მის მიმართ კრიტიკა არ არის, არამედ მოწოდებაა ყველა რესპუბლიკელისადმი, ყველა კონსერვატორისადმი, ყველა ამერიკელისადმი და ყველას მიმართაც მთელ მსოფლიოში, ვისაც, ჩემსავით, უკრაინის შესახებ ყალბი მედიის ცნობებით ჰქონდა ტვინი გამორეცხილი" - ამბობს ბერნსი

ბერნსი ვლადიმირ პუტინს ჭეშმარიტად ბოროტ ადამიანად ახასიათებს და ამბობს, რომ ის ტრამპის მოთმინების ფიალის შევსებასთან ძალიან ახლოსაა, რის შემდეგაც აშშ-ს პრეზიდენტი რუსეთს "მეორად სანქციებს დაუწესებს და მოლაპარაკებების მაგიდაზე დაჯდომას აიძულებს.

"ახლა ამ გზავნილს უკვე აშშ-სა და მსოფლიოს სხვა მთავრობების უმაღლეს დონეებზე ვაჟღერებ - რომ უკრაინას მხარში უნდა დავუდგეთ. რუსეთი არის აგრესორი" - თქვა ბერნსმა

ტრამპის რელიგიური მრჩეველი ხაზს უსვამს, რომ უკრაინაში ყოფნისას ის სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის უამრავ სასულიერო პირს შეხვდა და დარწმუნდა, რომ უკრაინაში რელიგიურ უფლებებს მხოლოდ რუსეთი არღვევს.

"ჯვრის ძალა მასწავლის, რომ უნდა აღიარო შენი შეცდომა, გქონდეს მდაბალი გული და თქვა: 'ვცდებოდი'." - ამბობს მარკ ბერნსი.

ბერნსის თქმით ის საკუთარი სურვილითა და ფინანსებით წავიდა უკრაინაში და "არავის მიუწვევია იმ იმედით, რომ მათ გზავნილს გაავრცელებდა".

კომენტარები