პოლონეთის პრეზიდენტის ადჟეი დუდას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების ერთადერთი შანსი ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული.
ვარშავის საპრეზიდენტო სასახლეში Sky News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, პრეზიდენტმა დუდამ აღნიშნა, რომ ტრამპს რუსეთის პრეზიდენტის სათანადოდ შეფასება შეუძლია.
"თუ ვინმეს შეუძლია აიძულოს რუსეთი ომი დაასრულოს, ეს მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტია". - აღნიშნა დუდამ.
დუდას თქმით, ტრამპმა თავის პირველ ვადაში Nord Stream 2-ს წერტილი დაუსვა და პუტინის ენერგეტიკული ამბიციები ჩაშალა, რაც აშკარად მიუთითებს, რომ მან იცის "სად უნდა დაარტყას".
დუდას თქმით, მინსკის შეთანხმებებით მშვიდობის მიღწევის მცდელობების წარუმატებლობის ფონზე, ახლა ტვირთი დონალდ ტრამპზე გადადის.
"საკითხავი ის არის, ექნება თუ არა მას ამის გაკეთების სურვილი". - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
დუდა ტრამპის ტარიფების პოლიტიკასაც გამოეხმაურა და მას "შოკურ თერაპია" უწოდა.
მისი თქმით, ეს შესაძლოა არ იყოს ის, რასაც ევროპელი პოლიტიკოსები მიჩვეულები არიან, თუმცა "დონალდ ტრამპი ამერიკელი გადასახადის გადამხდელების და არა თავისი ევროპელი კოლეგების წინაშეა პასუხისმგებელი".
დუდა იასიონკას სამხედრო დახმარების ჰაბიდან აშშ-ს ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა.
კითხვაზე იყო თუ არა ეს მისთვის მოულოდნელი, პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლონური მხარე წინასწარ იყო გაფრთხილებული.
"ჩვენ გაგვაფრთხილეს, რომ ცვლილება იგეგმებოდა. აშშ-ს მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ მიმიღია იმის შესახებ, რომ ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა შემცირდება, პირიქით". - აღნიშნა დუდამ.





