საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის მენეჯერი თეა კახიანი და მსახიობი დავით ველიჯანაშვილი არხს ტოვებენ - ამის შესახებ კახიანი სოციალურ ქსელში წერს.
მათი გადაწყვეტილება ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მაუწყებლიდან გათავისუფლებას უკავშირდება.
"გუშინ პირველი არხის სახეები, ბრენდის წარმომადგენლები ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან გაათავისუფლეს არხისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების ბრალდებით.
არხის მიკერძოებულობაზე საჯაროდ ილაპარაკესო. ანუ მიკერძოება კი არაა პრობლემა, არამედ ამაზე საჯაროდ ლაპარაკია პრობლემა.
ყველაფერი გაკეთდა, რომ არხზე ადგილის პოვნა გაუჭირდეს თავისუფალ და ურყევი ღირებულებების მატარებელ ადამიანს.
საკუთარ თავსაც მოვიაზრებ ასეთად. ასევე, არხი დატოვა დავით ველიჯანაშვილმა. ვიცი რომ არა ერთი სხვაც ან საკუთარი განცადებით წავა ან უბრალოდ სხვადასხვა მოტივით გაუშვებენ.
სამწუხაროათქო რომ ვთქვა მოვლენების არსს ვერ გამოვხატავ. თუ გადავრჩი როგორც შემოქმედებითი ადამიანი, ოდესმე აუცილებლად აღვწერ რა და როგორ მოხდა საზოგადოებრივი სახსრებით დაფინანსებულ არხზე, რომელსაც სულ რამდენიმე წლის წინ დიდი ამბიციები ჰქონდა" - წერს კახიანი.
საზოგადოებრივი მაუწყებელის განცხადებით, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლიანი და მიუკერძოებელი.
მაუწყებლის განცხადებით, კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მიმართ გამოყენებული იქნა სხვა ტიპის სანქციები. მათ შორის, მაუწყებლის რეჟისორის, კახა მელიქიძის მიმართ, რომელმაც ბორდის სხდომაზე საჯაროდ თქვა, რომ "ფეხბურთის დროს სთხოვდნენ კობახიძის რაც შეიძლება მეტი კადრის ჩვენებას".