აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ, 9-0-ის წინააღმდეგ გადაწყვეტილებით, უარყო ტრამპის ადმინისტრაციის სასწრაფო სარჩელი და დაავალა მას, დააბრუნოს მერილენდის შტატიდან შეცდომით სალვადორის ციხეში დეპორტირებული კაცი.
სასამართლომ გადაწყვეტილება სალვადორის მოქალაქის, კილმარ აბრეგო გარსიის, საქმეზე გამოიტანა, რომელსაც საიმიგრაციო სასამართლოს ორდერი ჰქონდა, რაც მის სამშობლოში დეპორტაციას კრძალავდა იმ შიშით, რომ ადგილობრივი ბანდებისგან მის წინააღმდეგ დევნის საშიშროება არსებობდა.
აშშ-ს რაიონულმა მოსამართლემ ახლა უკვე სალვადორის ცნობილ ციხეში მყოფი აბრეგო გარსიის აშშ-ში დაბრუნება 7 აპრილს ღამით ბრძანა. უზენაესმა სასამართლომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
"განკარგულება სათანადო წესით ავალდებულებს მთავრობას, "ხელი შეუწყოს" სალვადორში აბრეგო გარსიის პატიმრობიდან გამოშვებას და უზრუნველყოს, რომ მისი საქმე ისე განიხილონ, როგორც ეს მოხდებოდა რომ არა სალვადორში მისი შეცდომით გაგზავნა". - წერია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
10 აპრილის გადაწყვეტილებაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლემ, ჯონ რობერტსმა რაიონული მოსამართლის მიერ დაწესებული ვადა უკვე გადაწია. ამასთანავე, უზენაესი მოსამართლეების გადაწყვეტილებით, არსებულ განკარგულებაში დაზუსტება უნდა მოხდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ის არ ერევა საგარეო საქმეთა საკითხებში აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებაში.
ტრამპის ადმინისტრაციის მტკიცებით, აბრეგო გარსია ცნობილი საერთაშორისო კრიმინალური ბანდის, MS-13-ის, წევრია, თუმცა მისთვის აქამდე ბრალი არ წაუყენებიათ. მისი ადვოკატების თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ იგი MS-13-ის წევრია.
ადმინისტრაციაში მანამდე აღიარეს, რომ სალვადორში მისი გაგზავნით შეცდომა დაუშვეს, თუმცა ამბობდნენ, რომ ახლა უკვე ამ საკითხთან დაკავშირებით ვეღარაფერს მოიმოქმედებდნენ.





