აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ობამასა და ბაიდენის ადმინისტრაციების დროს "წყლის წნევაზე ომის" დამთავრებას ისახავს მიზნად, რათა "კვლავ დაუბრუნდეს ამერიკის საშხაპეებს სიდიადე" - წერია ბრძანებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, ტრამპი ენერგეტიკის მინისტრს უბრძანებს, დაუყოვნებლივ გაიწვიოს უკან ფედერალური კანონი, რომელმაც ობამასა და ბაიდენის პრეზიდენტობის დროს "საშხაპეების თავის შეცვლა" გამოიწვია.
ბრძანებაში წერია, რომ "პრეზიდენტი ტრამპი საღ აზრს აღადგენს ფედერალური რეგულაციების, სულ მცირე, ერთ პატარა ნაწილში და სიტყვა "საშხაპის თავს" პირდაპირ განმარტებას დაუბრუნებს 1992 წლის ენერგეტიკის კანონიდან, რომელიც საშხაპეებისთვის სტანდარტად წუთში 2.5 გალონ წყალს აწესებდა".
"ბრძანება ათავისუფლებს ამერიკელებს ზედმეტი რეგულაციებისგან, რამაც უბრალო საყოფაცხოვრებო ნივთი ბიუროკრატიულ კოშმარად აქცია. საშხაპის თავები სუსტი და უვარგისი აღარასდროს იქნება". - წერია ტრამპის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.
ბრძანების მიხედვით, ზედმეტი რეგულაცია ამერიკის ეკონომიკას "ახრჩობს, ბიუროკრატებს აძლიერებს და პერსონალურ თავისუფლებას ზღუდავს".
დოკუმენტი განმარტავს, რომ ამერიკელები წყლის ხარჯს თავადვე ფარავენ, შესაბამისად, მათ საშხაპის თავების ყიდვა თავისუფლად, ფედერალური მთავრობის ჩარევის გარეშე, უნდა შეეძლოთ.
"საშხაპე თავისუფლების აღდგენით პრეზიდენტი ტრამპი ასრულებს აღებულ ვალდებულებას, რომ გააუქმოს ზედმეტი რეგულაციები და ყველაზე წინ ამერიკელები დააყენოს". - წერია ბრძანებაში.





