რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ "ვარიანტებს განიხილავს", თუკი ჩინელები უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძვიან – Axios

აშშ-ს თეთრი სახლი

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, 9 აპრილს თეთრი სახლი ჩინეთის წინააღმდეგ ზომების მიღებით დაიმუქრა, თუკი ჩინეთი საკუთარ მოქალაქეებს ნებას რთავს, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად რუსულ ჯარში გაწევრიანდნენ.

გამოცემის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ბრაიან ჰიუმ თქვა, რომ თეთრი სახლი ჯერ კიდევ ამოწმებს ინფორმაციას.

"თუმცა, თუ ჩინეთს მთავრობა მათ მოქალაქეებს ნებას რთავს, იბრძოლონ რუსეთის მთავრობის სახელით, ეს იქნება შემაშფოთებელი ესკალაცია და აშშ განიხილავს სამომავლო ვარიანტებს". - დაამატა მან.

მანამდე, ამავე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ, სულ მცირე, 155 ჩინეთის მოქალაქე იბრძვის უკრაინის წინააღმდეგ რუსულ არმიაში.

ზელენსკის თქმით, რუსეთი ჩინეთის მოქალაქეებს სოციალური მედიის მეშვეობით უწევს რეკრუტირებას. მან ჩინეთის მთავრობა ამ ფაქტის ცოდნაში და მისთვის ხელის არ შეშლაში დაადანაშაულა.

ამასთანავე, ზელენსკიმ 8 აპრილს თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში ტყვედ აიყვანეს რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩინეთის ორი მოქალაქე. მან სოციალურ ქსელში ტყვედ აყვანილი ერთ-ერთი ჯარისკაცის ვიდეოც გამოაქვეყნა.

ზელენსკის განცხადების შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ცნობები უარყო, ხოლო უკრაინის პრეზიდენტის ბრალდებას, რომ უკრაინაში, რუსეთის მხარეს ჩინეთის ბევრი მოქალაქე იბრძვის, "უსაფუძვლო" უწოდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩინეთის ორი მოქალაქის ტყვედ აყვანას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ტემი ბრიუსიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გავრცელებული ცნობები "შემაშფოთებელია".

"შემაშფოთებელია ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობა, შემაშფოთებელია, რომ ჩინელი ჯარისკაცები ტყვედ აიყვანეს – ჩვენი გვაქვს ცნობები, რომ უკრაინამ ტყვედ აიყვანა ჩინეთის ორი მოქალაქე, რომელიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა. ჩინეთი აგრძელებს საკვანძო მხარდამჭერი როლის შესრულებას რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ. ჩინეთი უზრუნველყოფს ორმაგი დანიშნულების ნივთების თითქმის 80%-ის მიწოდებას, რაც რუსეთს ომის გასაგრძელებლად სჭირდება". - თქვა ბრიუსმა.

კომენტარები