ტრამპის ტარიფები

ჯორჯია მელონი 17 აპრილს ტარიფებზე მოლაპარაკებებისთვის დონალდ ტრამპს შეხვდება

REUTERS/Remo Casilli/File Photo

იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი მომდევნო კვირაში ვაშინგტონში ჩავა და აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.

მხარეებს შორის მოლაპარაკებების საკითხი აშშ-ს პრეზიდენტის მიერ ევროკავშირისთვის დაწესებული ტარიფები იქნება. 

იტალიის პრემიერის თქმით, ის მხარს უჭერს ევროკომისიის წინადადებას ნულოვანი ტარიფების შესახებ, რათა თავიდან აიცილონ სავაჭრო ომი, რომელიც "სასარგებლო არავისთვისაა".

"ეს არის მოლაპარაკება, რომელშიც ყველა ჩვენგანი უნდა იყოს ჩართული ყველა დონეზე. მე ვიქნები ვაშინგტონში 17 აპრილს. ვფიქრობ, ტარიფები არის აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან. დასავლური ქვეყნების ეკონომიკები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ასეთი მძიმე პროტექციონისტული პოლიტიკა კი საბოლოოდ დააზარალებს როგორც ევროპას, ისე აშშ-ს". - თქვა მელონიმ.

დონალდ ტრამპმა ევროკავშირიდან ფოლადის, ალუმინისა და ავტომობილების იმპორტზე 25%-იანი ტარიფები დააწესა, უფრო ფართო ტარიფები კი 20%-ს შეადგენს.


აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა. 

ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იან ტარიფს დაუწესებს, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე.

"საბაზისო" 10%-იანი ტარიფები ძალაში 5 აპრილს შევიდა. 9 აპრილიდან ძალაში შევა აშშ-ს 50-მდე უმსხვილეს პარტნიორზე დაწესებული უფრო მკაცრი ტარიფები. 

კომენტარები