ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, "ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს, ამის მიღწევა კი შესაძლებელია შეთანხმების შედეგად, ან სამხედრო გზით".
ამასთან, ნეთანიაჰუს თქმით, შეთანხმება მისაღები იქნება იმ შემთხვევაში რომ ლიბიასთან მიღწეულის მსგავსი იქნება.
"შევდივართ, ვაფეთქებთ ობიექტებს და ვშლით ყველა აღჭურვილობას – აშშ-ს ზედამხედველობითა და შესრულებით. ესაა იდეალური სცენარი". - თქვა ნეთანიაჰუმ.
7 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox Business Network-თან ინტერვიუში თქვა, რომ ირანთან ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება სურდა და დაამატა, რომ წინა დღით ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, წერილი გაუგზავნა, რომელშიც მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით იმედს გამოთქვამდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული საკითხის პრობლემის მოგვარება ორი გზით შეიძლება: სამხედრო გზით ან შეთანხმების მიღწევით.
ამასთან, 19 მარტს Axios-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა გაგზავნილ წერილში ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, 2-თვიანი ვადა მისცა ახალი ბირთვული შეთანხმების დასადებად.





