აშშ-ისრაელი-ირანი

ნეთანიაჰუ უარყოფს ცნობას, რომ ტრამპმა ისრაელის მიერ ხამენეის ლიკვიდაციის გეგმას ვეტო დაადო

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ
Mandel Ngan/AFP via Getty

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის მიერ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის გეგმას ვეტო დაადო.

"არსებობს უამრავი ყალბი ცნობა იმ საუბრებზე, რომლებიც არასდროს მომხდარა, არ ვაპირებ ამაში ჩავერთო" - თქვა ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ცახი ჰანეგბის თქმით, გავრცელებული ცნობა "უმაღლესი დონის ყალბი ინფორმაციაა".

მანამდე, სააგენტო Reuters ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერდა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში დონალდ ტრამპმა ისრაელის მიერ ირანის უზენაესი ლიდერის ლიკვიდაციის გეგმას ვეტო დაადო.

"მოკლეს ირანელებმა ამერიკელი? არა, სანამ ამას არ იზამენ, ჩვენ პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმაზეც კი არ ვილაპარაკებთ". - განუცხადა ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა Reuters-ს.


13 ივნისს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა. 

მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, რამდენიმე ირანული რაკეტა თელ-ავივის ცენტრში ჩამოვარდა.

შემდგომ, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები ხელახლა გაუშვა, ხოლო მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ირანის დედაქალაქში, თეირანში ისრაელის იერიშების მოსაგერიებლად საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო გააქტიურებული და აფეთქებების ხმა ისმოდა.

კომენტარები