წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია

ოქრუაშვილი გირაოზე: შეიძლება არ გადავიხადო, თავისუფლება არ იზომება 20 000 ლარად

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, არ გამორიცხავს, რომ მისთვის შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო არ გადაიხადოს. 

წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ, 8 აპრილს, 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და საზღვრის კვეთა აუკრძალა.

"თავისუფლება არ იზომება არც 20 000 ლარად, არც 50 000 ლარად და არც საზღვრის კვეთის აკრძალვად. თავისუფლებას აქვს სხვა ფასი, მაგრამ ის [ბიძინა ივანიშვილი] ამას ვეღარ გაიგებს ვეღარასდროს, მაგ ასაკში ადამიანები აღარ იცვლებიან.

შეიძლება ასეც მოვიქცე და არ გადავიხადო...

ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია, გამოვედი, გითხარით. არანაირი საგამოძიებო კომისია არ არსებობს, საქართველოს პარლამენტი არ ჰყავს, თუ რამის გამოძიება უნდოდათ, 15-წლიანი ხანდაზმულობის ვადა ყველა საქმეზე გასულია, აქამდე გამოეძიებინათ". - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. 

ივანიშვილის პარლამენტის "საგამოძიებო კომისიის" სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი 7 აპრილს წარუდგინეს. გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს.

კომენტარები