გერმანიის მომავალი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, კოალიციური მოლაპარაკებები აშშ-ს მიერ დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით გერმანიის პასუხზე უნდა იყო ორიენტირებული.
ამასთან, მერცის შეფასებით, ტარიფების შედეგად არსებული ვითარება გლობალურ ბაზრებზე, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაუარესდება.
"საერთაშორისო საფონდო ბაზრებზე ვითარება დრამატულია და არსებობს შემდგომი გაუარესების საფრთხე. ამიტომ, ახლა უფრო აუცილებელია, ვიდრე ოდესმე, რომ გერმანიამ რაც შეიძლება სწრაფად აღიდგინოს საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა. ეს ახლა კოალიციური მოლაპარაკებებისას მთავარი საკითხი უნდა იყოს". - თქვა მერცმა.
გერმანიაში ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებები არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა (CDU/CSU) და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) შორის მიმდინარეობს.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა.
ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იან ტარიფს დაუწესებს, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე.
"საბაზისო" 10%-იანი ტარიფები ძალაში 5 აპრილს შევიდა. 9 აპრილიდან ძალაში შევა აშშ-ს 50-მდე უმსხვილეს პარტნიორზე დაწესებული უფრო მკაცრი ტარიფები.





