აშშ-ისრაელი

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვაშინგტონში ჩავა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ
REUTERS/Ronen Zvulun

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით ჩავა. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემები შეეხება ღაზას, სავაჭრო ტარიფებს და "ირანიდან მომავალ საფრთხეს". ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისი ადასტურებს.

The Guardian-ს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ლიდერებს შორის შეხვედრა მომავალი კვირის ორშაბათს გაიმართება.

აშშ ისრაელის უახლოესი მოკავშირე და ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. ორივე ქვეყანამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას 40 წლის წინ მოაწერა ხელი და დღეს აშშ-დან ისრაელში შემოსული საქონლის დაახლოებით 98% საბაჟო გადასახადებისგან თავისუფალია.

ისრაელის ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, ბოლო პერიოდში ტრამპის მიერ დაწესებულმა ტარიფებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ისრაელიდან ექსპორტირებულ მანქანებზე და სამედიცინო მოწყობილობებზე.

სანამ ტრამპი სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოების წინააღმდეგ ტარიფებს დააწესებდა ისრაელმა ერთი დღით ადრე აშშ-დან იმპორტზე დარჩენილი ტარიფები გააუქმა.

ამასთან, ტრამპის მომდევნო ნაბიჯის შემდეგ ისრაელის ოფიციალურმა პირებმა შეშფოთება გამოხატეს ისრაელისთვის დაწესებული ტარიფების გამო.

"შოკში ვართ. დარწმუნებულები ვიყავით, რომ აშშ-დან იმპორტზე ტარიფების სრულად გაუქმება თავიდან აგვაცილებდა ამ ნაბიჯს. მაგრამ ასე არ მოხდა" - წერს ისრაელური მედიის, i24News-ის კორესპონდენტი ამიხაი სტაინი.

2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სულ მცირე, 10%-იანი საბაზისო ტარიფი ყველა ქვეყანას დაუწესა.

ტრამპმა წარადგინა დიაგრამა, სახელწოდებით, ორმხრივი ტარიფები, რომელშიც სხვა ქვეყნების მიერ აშშ-ს მიმართ დაწესებული ტარიფები შედარებულია აშშ-ს ტარიფებთან.

ამასთან, დიაგრამაზე ჩანს, რომ აშშ დიდ ბრიტანეთს 10%-იან, ევროკავშირს კი 20%-იან ტარიფს დაუწესებს.

"ისინი გვახდევინებენ, ჩვენც ვახდევინებთ. როგორ შეიძლება, ვინმე ამაზე გაბრაზდეს". - თქვა ტრამპმა.

კომენტარები