პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წინააღმდეგ საყოველთაო ტარიფების გამოცხადების შემდეგ, რესპუბლიკელმა სენატორმა, ჩაკ გრასლიმ, 3 აპრილს წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ახალი ტარიფების შემოღებაზე კონგრესის თანხმობას მოითხოვს.
გრასლიმ, რომლის მშობლიური შტატიც, აიოვა, ძლიერ არის დამოკიდებული სოფლის მეურნეობის სფეროში გლობალურ ვაჭრობაზე, დემოკრატ სენატორთან, მარია კანტველთან, ერთად წარადგინა "2025 წლის სავაჭრო გადახედვის აქტი", რომელიც 60 დღის განმავლობაში ახალ ტარიფებზე კონგრესის ხელმოწერის საჭიროების დაწესებას ითვალისწინებს და წინააღმდეგ შემთხვევაში ტარიფების სისრულეში მოყვანას ავტომატურად ბლოკავს.
რესპუბლიკელმა სენატორმა აღნიშნული კანონპროექტი მას შემდეგ წარადგინა, რაც წინა დღით ოთხმა სხვა რესპუბლიკელმა სენატორმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც კანადურ პროდუქციაზე ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების მოხსნას მოითხოვდა.
2 აპრილს რესპუბლიკელი სენატორების - სუზან კოლინსის, ლიზა მურკოვსკის, რენდ პოლისა და მიტჩ მაკკონელის - ხმები საკმარისი აღმოჩნდა დემოკრატი სენატორის, ტიმ კეინის მიერ წარდგენილი რეზოლუციის მისაღებად, რომელიც ვაჭრობის კუთხით კანადასთან ტრამპის მიდგომას აკრიტიკებდა.
"ტარიფები პროდუქციასა და მომსახურებაზე ხარჯებს ზრდის. ეს გადასახადია ყოველდღე მომუშავე ამერიკელებზე". - განაცხადა სენატის ყოფილმა ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა 3 აპრილს.
დიდი ალბათობით, კონგრესში არც გრასლის მიერ წარდგენილ კანონპროექტსა და არც კანადურ პროდუქციაზე ტარიფების მოხსნაზე რეზოლუციას საკმარისი მხარდაჭერა არ ექნება, რათა ისინი კანონებად იქცეს, ვინაიდან რესპუბლიკური პარტია როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში, უმრავლესობას ფლობს.





