რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

NATO-ს რესურსები შესაძლოა, უკრაინაში სამშვიდობო მისიისთვის იყოს გამოყენებული – FT

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, NATO-მ, შესაძლოა, გადამწყვეტი როლი ითამაშოს უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების პოტენციურ მისიაში, რათა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების დაცვა უზრუნველყოფილი იყოს. 

Financial Times-თან ხუთმა საკითხზე ინფორმირებულმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი წინადადებით, რომელსაც წინ საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო უძღვებიან, უკრაინაში ე.წ. მხარდამჭერი ძალის გასაგზავნად, შესაძლოა NATO-ს სასარდლო და საკონტროლო სტრუქტურები იყოს გამოყენებული.

აღნიშნული წინადადება ასევე სამშვიდობო ძალების მიერ ალიანსის საერთო დაზვერვის, მონიტორინგისა და მეთვალყურეობის შესაძლებლობების გამოყენებას ითვალისწინებს.

მაღალჩინოსნების თქმით, ეს გეგმა ერთ-ერთია მოკავშირეების მიერ განხილულ სხვადასხვა ვარიანტს შორის და საბოლოო შეთანხმებამდე მისი შეცვლა შესაძლებელია.

ამასთანავე, Financial Times-ის ინფორმაციით, უკრაინაში გაგზავნილ სამშვიდობო ძალაში NATO-ს ჩართულობა მოკავშირეებს შორის პროცესში აშშ-ს ირიბად ჩართვისა და ვაშინგტონის მხარდაჭერის მოპოვების გზად განიხილება.

"თუ [უკრაინაში] ათეულობით ქვეყნიდან რესურსებს განვალაგებთ, მაშინ NATO რეალურად ერთადერთი ვარიანტია, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია". - აღნიშნა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბრისას.

კომენტარები