დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

თეთრი სახლი განმარტავს, რომ ტრამპის ტარიფებიდან რუსეთი არსებული სანქციების გამო გამოტოვეს

კეროლაინ ლივიტი
Chip Somodevilla/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა.

ტრამპის გადაწყვეტილებით, ყველა სახელმწიფოს აშშ, საბაზისო, 10%-იან ტარიფს დაუწესებს, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე.

თუმცა, გამოცხადებული ტარიფების სიაში არ შედიოდნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი, ბელარუსი, კუბა და ჩრდილოეთ კორეა.

გამოცემა Axios-თან საუბრისას თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა ტარიფებიდან რუსეთის გამოტოვება იმით ახსნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს სანქციები უკვე "გამორიცხავს ნებისმიერი სახით მნიშვნელოვან ვაჭრობას".

ლივიტმა აღნიშნა, რომ ტარიფების სიაში ასევე არ შევიდნენ კუბა და ჩრდილოეთ კორეა, რომელთა წინააღმდეგაც აშშ მძიმე სანქციებს ინარჩუნებს.

ცნობისთვის, აშშ-სა და რუსეთს შორის ვაჭრობის ღირებულება 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩამოიშალა და 2021 წელს $35 მილიარდიდან $3.5 მილიარდამდე შემცირდა.

მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მედიატორობა დაიწყო, კრემლმა ტრამპს სანქციების ნაწილის მოხსნა სთხოვა.

თუმცა, 30 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, NBC News-თან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინზე "გაბრაზებულია" და რუსეთს ნავთობზე მეორადი ტარიფებით დაემუქრა, თუკი ის დაინახავს, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დამთავრების მხრივ მის ძალისხმევას დაბრკოლებებს უქმნის.

NBC-ის ციტირებით, ტრამპმა თქვა, რომ "ძალიან გაბრაზებული და განრისხებული ვიყავი, როდესაც პუტინმა ზელენსკის სანდოობასა და უკრაინაში ახალ მმართველობაზე დაიწყო საუბარი".

ხოლო ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ სანქციებს ამზადებს იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება ან დადებულ შეთანხმებას დაარღვევს.

ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტრამპს არ მოსწონს რუსეთის მხრიდან გამოთქმული აზრი უკრაინაში დროებით მთავრობასთან დაკავშირებით. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა კონსტიტუციური დემოკრატიაა.

კომენტარები