"პოლიციის მხრიდან იძულებითი გაშიშვლების პრაქტიკის დამკვიდრება აქტივისტების დაშინებას, დამცირებასა და დასჯას ემსახურება" - არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი ელენე ხოშტარიას განცხადებას ეხმაურება.
"არასათანადო განხორციელება, პროცედურული გარანტიების გარეშე, უკიდურესად პრობლემური და შემაშფოთებელია.
დაკავებულის პირადი დათვალიერებისას მისი სრულად გაშიშვლება ეწინააღმდეგება შს მინისტრის ბრძანებას, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორში პირის შესახლების პროცედურას არეგულირებს.
პოლიციის მიერ იძულებითი გაშიშვლების პრაქტიკის გაგრძელება სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც იგი აქციაზე დაკავებული მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს. აქტივისტების დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას უწყებები, მათ შორის სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ასევე უწყობენ ხელს, რადგან დღემდე არ გამოუძიებიათ სამართალდამცავთა მიერ აქციაზე დაკავებული პირების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ როგორც დაკავებულთა, ისე ზოგადად შეკრების მონაწილე ქალების მიმართ ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და დამამცირებელი მოპყრობის პრაქტიკა სამართალდამცავ უწყებებში გაზრდილია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ პოლიციის სისტემა დღეს სრულად მოწყვეტილია კანონის უზენაესობის, მართლწესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნებს და გადაიქცა პოლიტიკური რეჟიმის ინტერესების გამტარ რეპრესიულ და სადამსჯელო აპარატად" - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ელენე ხოშტარია პოლიციამ რუსთაველზე გუშინდელ აქციაზე დააკავა. მას წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
დღეს ხოშტარიამ იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში მის მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობაზე ისაუბრა, რის შემდეგაც შსს-მ საპასუხო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში უწყება წერს, რომ შემოწმებისას ხოშტარიას, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება აღმოუჩინეს.
- შსს: შემოწმებისას ხოშტარიას აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება
- გვარამია: ელენეს შიშველ სხეულზე მეტალოდეტექტორს ატარებდნენ, არ მისცეს წნევის წამალი
ელენე ხოშტარიამ იზოლატორი დატოვა.