წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია

კომისიის სხდომაზე ოქრუაშვილის გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

IPN

წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ტაბულას ინფორმაცია საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს.

სხდომაზე მისვლაზე უარის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმე პროკურატურას კომისიამ 27 მარტს გადასცა.

საკითხს, წულუკიანის თავმჯდომარეობით, კენჭი კომისიის სხდომაზე უყარეს. 

"სახეზეა კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, შესაბამისად, შემოგთავაზებთ, რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ეს შემთხვევაც გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას. თუ ყველა მომხრე იქნება, დღესვე გაიგზავნება საღამოს". - თქვა წულუკიანმა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სსკ-ს 349-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საქმეზეც დაიწყო.  

კომენტარები