აღმოსავლეთ საფრანგეთში, სენ-დიზიეს საჰაერო ბაზაზე საჰაერო ძალების აკრობატული ჯგუფის ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა.
გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ ეჯახება საჰაერო ძალების აკრობატული ჯგუფის ორი თვითმფრინავი ერთმანეთს მაშინ, როცა ჯგუფი ნომერს ასრულებს.
ფრანგული გამოცემა Le Figaro-ს ინფორმაციით, შეჯახებას მსხვერპლი არ მოჰყოლია - თვითმფრინავებიდან გადმოხტომა ორივე პილოტმა შეძლო, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ისინი ჰოსპიტალიზებულნი არიან.
თვითმფრინავები შეჯახებისთანავე ჩამოვარდნენ - მათგან ერთ-ერთი ადგილობრივ ცემენტის ქარხანას დაეცა, ხოლო მეორე არხში ჩავარდა - არსებული ინფორმაციით, მომხდარისგან არავინ დაშავებულა.