ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა 23 მარტს განაცხადეს, რომ აშშ-ს მეორე ლედი, უშა ვენსი, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი, და ენერგეტიკის მინისტრი, კრის ვრაითი, ამ კვირაში გრენლანდიაში ჩავლენ იმ ფონზე, როცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დიდი ხანია, ამბობს, რომ გრენლანდია აშშ-ს ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მიზნებისთვის სჭირდება.
ტრამპის ადმინისტრაციის განცხადების მიხედვით, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის მეუღლე და მეორე ლედი გრენლანდიას თავის ერთ შვილთან ერთად 27 მარტს ეწვევა, რათა ისტორიული ადგილები მოინახულოს და გრენლანდიის ეროვნულ ძაღლშებმული მარხილების რბოლას დაესწროს.
ამასთანავე, გამოცემა New York Times-სთან ორმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ტრამპის მრჩეველი მაიკ უოლცი გრენლანდიაში აშშ-ს სამხედრო ბაზას მოინახულებს. ხოლო უოლცს, კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, ენერგეტიკის მინისტრი შეუერთდება. ამას გარდა, გამოცემის ანონიმური წყაროები ამბობენ, რომ ზემოხსენებულ მაღალჩინოსნებს შესაძლოა, კიდევ სხვა ოფიციალური პირებიც შეუერთდნენ.
ცნობისთვის, 4 მარტს კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გრენლანდიას "ასე თუ ისე, მაინც მიიღებს".
ხოლო 13 მარტს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრაზე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს მიერ გრენლანდიის შესაძლო ანექსიის შესახებ გააკეთა კომენტარი.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობდა იგი გრენლანდიის შესაძლო ანექსიის შესახებ, ტრამპმა უპასუხა, რომ მისი აზრით, "ეს მოხდება".
"ვფიქრობ, ეს მოხდება. [...] ჩვენ ეს არამხოლოდ უსაფრთხოებისთვის, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც გვჭირდება". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.