რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთში მღვდელი 11 წლის წინ უკრაინის დროშასთან ერთად გადაღებული სურათის გამო დააკავეს

ნიკოლაი სავჩენკო

სანქტ-პეტერბურგში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, ნიკოლაი სავჩენკო 2014 წელს უკრაინის დროშასთან ერთად გადაღებული სურათის გამო 14 დღით დააკავეს.

აღნიშნული ინფორმაცია რუსულმა Фонтанка-მ სანქტ-პეტერბურგის სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა.

სურათი სავჩენკოს VKontakte-ს პირად გვერდზე იყო გამოქვეყნებული. სურათის აღწერაში ძველი აღთქმის მესამე მეფეთა მე-12 თავიდან ციტატა იყო მოყვანილი: "ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გახვალთ საბრძოლველად თქვენს ძმებთან".

სურათი რუსულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა 11 წლის შემდეგ აღმოაჩინეს, ხოლო თავად მღვდლის თქმით, იგი ეკლესიაშივე დააკავეს.

სმოლნინსკის ოლქის პოლიციის დეპარტამენტმა სავჩენკო აკრძალული სიმბოლოების დემონსტრირების საბაბით დააკავა, რადგან უკრაინის დროშაზე გამოსახული სამკაპი რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის სექტემბერში ექსტრემისტულად გამოაცხადა.

კომენტარები