მედიის ადვოკატირების კოალიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისადმი მუქარას გამოეხმაურა.
კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის "მკაცრად გმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების დევნას არხის სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ, რომლებიც ქართული ოცნების ლოიალობით გამოირჩევიან".
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგანგაშოა საბჭოს წევრების მოწოდება პროკურატურისადმი, რომ მან კრიტიკული განცხადებების გამო ჟურნალისტების საქმეები შეისწავლოს.
"ეს არის უპრეცედენტო ზეწოლა მედიის თავისუფლებაზე და პირდაპირი მუქარა იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას და ივანიშვილის რეჟიმს პროპაგანდასა და ძალადობაში ამხელენ". - აცხადებს მედია კოალიცია.
"სწორედ ამ დამოუკიდებელი და პროფესიონალი ჟურნალისტების წყალობით, ჯერ კიდევ არსებობს საზოგადოებაში რწმენა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის მიმართ". - წერენ მედია ადვოკატირების წარმომადგენლები.
"მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოხატავს სრულ სოლიდარობას საზოგადოებრივი მაუწყებლის კეთილსინდისიერი და პროფესიონალი ჟურნალისტების მიმართ". - წერია განცხადებაში.
კოალიცია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU), აქტიურად ჩაერთოს არსებულ სიტუაციაში.
მათი თქმით, მიუღებელია, რომ EBU-ს წევრი მაუწყებლის ხელმძღვანელობა დევნის ჟურნალისტებს და პროპაგანდას და დეზინფორმაციის ავრცელებს.
მანამდე, 22 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძის და გია იმნაიშვილის საქმეების მოკვლევა-განხილვა დაასრულა.
21 მარტს სამეურვეო საბჭოს მიერ გამართულ სხდომაზე ადვოკატმა ბორდის წევრებს მოცულობითი დასკვნა წარუდგინა, რომელიც არხის მიმართ თანამშრომლების მიერ წაყენებული ბრალდებებისა და მათგან გამომდინარე ამბების გაშუქებას ქრონოლოგიურად ასახავდა.
პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ არხის მიმართ კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებს ცილისწამებაში დასდო ბრალი, ხოლო ბორდის წევრებს აღნიშნული ბრალდებების პროკურატურისთვის გამოსაძიებლად გადაცემა შესთავაზა.