ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა თქვა, რომ ისრაელი ღაზის სექტორის ტერიტორიის ნაწილის ანექსიას აპირებს, თუკი ჰამასი მძევლების გათავისუფლებაზე უარის თქმას განაგრძობს.
კაცის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) ტერორისტულ დაჯგუფებაზე ზეწოლის ზრდის მიზნით ღაზის სექტორის დამატებითი ტერიტორიის დაკავება და ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანების გაცემა დაავალა.
მინისტრმა თქვა, რომ ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიას "გაამძლავრებს", მათ შორის, "სახმელეთო მოქმედების გაფართოების გზით, სანამ მძევლები არ გათავისუფლებიდან და ჰამასი არ დამარცხდება". მისივე თქმით, ისრაელი გამოიყენებს "ყველა შესაძლო სამხედრო და სამოქალაქო ზეწოლას, მათ შორის ღაზის მოსახლეობას ევაკუირებას სამხრეთით და ღაზის მოსახლეობისთვის აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნებაყოფლობითი მიგრაციის გეგმის ამოქმედებას".
"თუ ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია მძევლების გათავისუფლებაზე უარის თქმას გააგრძელებს, IDF-ს დავავალე, რომ დამატებითი ტერიტორია დაიკავოს, მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინოს და ისრაელური საზოგადოებებისა და IDF-ის ჯარისკაცების დასაცავად ღაზის გარშემო უსაფრთხოების ზონა გააფართოვოს ისრაელის მიერ ტერიტორიის პერმანენტულად დაკავების გზით. [...] სანამ ჰამასი თავის უარს განაგრძობს, მეტ და მეტ მიწას დაკარგავს, რომელიც ისრაელს მიემატება". - თქვა კაცმა.
ცნობისთვის, 18 მარტის დილის საათებში ისრაელსა და ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას შორის არსებული დროებითი ზავი ჩამოიშალა მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში ათეულობით საჰაერო იერიში მიიტანა.
მოგვიანებით, ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციებიც განაახლა.
აღსანიშნავია, რომ ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ტერორისტული დაჯგუფება პალესტინის ისლამური ჯიჰადის სამხედრო ფრთის სპიკერი, ფსევდონიმად აბუ ჰამზა, მოკლეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, იერიშების დროს ასევე მოკლეს ღაზის სექტორის დე-ფაქტო პრემიერმინისტრი და ტერორისტული დაჯგუფების კიდევ სხვა მაღალჩინოსნები.
მანამდე, ისრაელის არმიას პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უბრძანა, რომ ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ "ძალით იმოქმედოს", ვინაიდან ჰამასმა არაერთხელ თქვა უარი ისრაელელი მძევლების გათავისუფლებაზე.
ნეთანიაჰუს უწყების მიხედვით, იერიშების განახლების გადაწყვეტილება "ჩვენი მძევლების გამოშვებაზე ჰამასის მხრიდან განმეორებით უარის თქმას მოჰყვა, ისევე როგორც მათი მხრიდან იმ წინადადებების უარყოფას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლისგან, სტიფ უიტკოფისგან, და სხვა მედიატორებისგან მიიღეს".
ისრაელის მიერ დაწყებული ხელახალი იერიშები ყველაზე ძლიერი იყო მას შემდეგ, რაც იანვარში ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა, და, ამასთანავე, ისრაელმა მიანიშნა, რომ იერიშები მომავალშიც გაგრძელდება.
ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში ჰამასის ტყვეობიდან ათეულობით ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა, თუმცა შეთანხმება 1-ელ მარტს დამთავრდა.
ამის მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება დამატებით თითქმის ორ-ნახევარი კვირის განმავლობაში რჩებოდა ძალაში, რის პარალელურადაც მედიატორები ზავის გახანგრძლივებაზე მუშაობდნენ.
ისრაელის მხარე ითხოვდა, რომ შესაძლო ზავის გახანგრძლივების ფარგლებში ჰამასს დარჩენილი ისრაელელი მძევლებიც გაეთავისუფლებინა პალესტინელი პატიმრებისა და დაკავებული პირების გამოშვების სანაცვლოდ.
თუმცა, ჰამასი თავდაპირველად დადებული შეთანხმების პირობების შენარჩუნებას ცდილობდა, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისში მეორე ფაზაში შესვლას გულისხმობდა, რის ფარგლებშიც ისრაელი სრულად უნდა გამოსულიყო, ხოლო ღაზაში დანარჩენი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ომის სამუდამო დამთავრებაზე უნდა დათანხმებულიყო.
ისრაელმა თავდაპირველ შეთანხმებას ხელი მოაწერა, თუმცა ნეთანიაჰუ დიდი ხანია ამბობს, რომ ისრაელი ომს არ დაამთავრებს, სანამ ჰამასის მმართველობითი და სამხედრო უნარები განადგურებული არ იქნება. ბოლო არსებული მონაცემების მიხედვით, ჰამასის ტყვეობაში კიდევ 24 ისრაელელი მძევალია ცოცხალი.