ისრაელი

ნეთანიაჰუს მთავრობამ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, რონენ ბარი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სამსახურის ინფორმაციით, გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ 21 მარტს მიიღო, ძალაში 10 აპრილს შევა.

უწყების ხელმძღვანელი არ დაესწრო კაბინეტის სხდომას, თუმცა მინისტრებისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ მისი გათავისუფლების პროცესი უსაფუძვლო ბრალდებებზე იყო დაფუძნებული.

მანამდე ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ რონენ ბარის მიმართ ნდობა დაკარგა.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, პრემიერმინისტრსა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს შორის არსებული დაპირისპირება იმ გამოძიებას უკავშირდება, რომელიც ნეთანიაჰუს რამდენიმე თანაშემწეს კატართან დაკავშირებულ პირებთან, სავარაუდო, კორუფციულ გარიგებას ედავება.

ნეთანიაჰუმ ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ საქმე მის გადასაყენებლად პოლიტიკურად მოტივირებულია.

ბარის გათავისუფლების საწინააღმდეგოდ გამოსული დემონსტრანტების წინააღმდეგ თელ-ავივსა და იერუსალიმში პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა და რამდენიმე მათგანი დააკავა. 

პოლიციამ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრის რეზიდენციასთან ასობით დემონსტრანტმა უსაფრთხოების კორდონების გარღვევა სცადა.

ბარიმ წარსულში აღნიშნა, რომ თანამდებობის დატოვებას ვადაზე ადრე თავადვე აპირებდა. მისი თქმით, ის 7 ოქტომბრის თავდასხმის შესახებ დაზვერვის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობას იღებდა.

ცნობისთვის, რონენ ბარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 2021 წლიდან ხელმძღვანელობდა.

კომენტარები