საგარეო ვაჭრობა

10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი 2025 წლის იანვარ-თებერვალში - საგარეო ვაჭრობის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 567.6 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.6%-ით მეტია.

აქედან ექსპორტი 835.4 მილიონი აშშ დოლარი [გაიზარდა 4%-ით], ხოლო იმპორტი 2 732.2 მილიონი [გაიზარდა 19.6%-ით]. 

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-თებერვალში, 1 896.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53.2%-ია. 

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.7% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (166.6 მილიონი აშშ დოლარი), ყაზახეთი (100.7 მილიონი აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (97.7 მილიონი აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტში დსთ-ს ქვეყნების წილი 66.1% იყო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების - 12.5%, დანარჩენი ქვეყნების კი - 21.4%.

რაც შეეხება იმპორტს, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 75.5% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (478.3 მილიონი აშშ დოლარი), რუსეთი (344.3 მილიონი აშშ დოლარი) და თურქეთი (337.9 მილიონი აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წილი 19.8% იყო, დსთ-სი - 20.6%, დანარჩენი ქვეყნების კი - 59.6%.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებითვე, 2025 წლის იანვარ-თებერვალში 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 71.9% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: აშშ (486.9 მილიონი აშშ დოლარი), რუსეთი (416.2 მილიონი აშშ დოლარი) და თურქეთი (384.3 მილიონი აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 285.2 მილიონი აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.1%-ია. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 39.7 მილიონი აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 4.7%), ხოლო მესამე ადგილზეა სპირტიანი სასმელები 29.4 მილიონი აშშ დოლარი (3.5%).

რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-თებერვალში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი სურათები, ნახატები და პასტელები (ხელით შესრულებული) იყო, რომლის იმპორტმა 481.1 მილიონი აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 17.6% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 326.8 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 12%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 202.1 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 7.4%).

 

კომენტარები