გამოცემა Financial Times წერს, რომ ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, სატელეფონო საუბრის გამართვამდე ერთი დღით ადრე დასავლურ აქტივების მმართველებსა და საინვესტიციო ფონდებს რუსული ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ნება დართო.
აღნიშნული აქტივების ბედი გაურკვევლობაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანად შეიჭრა.
17 მარტს პუტინის მიერ გამოცემული დეკრეტის მიხედვით, დასავლელ ინვესტორებს, მათ შორის, Jane Street-ს, GMO-სა და Franklin Templeton-ს, უფლება მიეცათ, რუსულ კომპანიებში საკუთარი წილები ამერიკული საინვესტიციო ფონდისთვის, 683 Capital Partners-ისთვის, მიეყიდათ.
თავის მხრივ, დეკრეტის მიხედვით, საინვესტიციო ფონდი შემდგომ შეძლებს, თავისუფლად ივაჭროს ორ რუსულ საინვესტიციო ფონდთან პუტინის მიერ დამატებითი უფლებამოსილებების მინიჭების საჭიროების გარეშე.
ცნობისთვის, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, პუტინმა დეკრეტი გამოსცა, რომლითაც საერთაშორისო ინვესტორებს რუსული ბანკებისა და ენერგეტიკის კომპანიების წილებითა და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა აუკრძალა. ხოლო ნებისმიერი მსგავსი ტრანზაქციისთვის რუსეთის მთავრობის მხრიდან თანხმობა გახდა სავალდებულო.
აქამდე, დასავლელი ინვესტორები, რომლებიც ისეთი რუსული კომპანიების აქციებს ფლობენ, როგორებიცაა Norilsk Nickel, VTB Bank და Rosneft, თვლიდნენ, რომ გაყიდვაზე არსებული შეზღუდვებისა და რუსეთზე სანქციების გავლენიდან გამომდინარე მათ წილებს ღირებულება აღარ ჰქონდა.