პარლამენტის ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად გადასცა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს ფოტო და ვიდეოგადაღების აკრძალვის საკითხი დადგება.
წარდგენილი ინიციატივის ავტორი ავთანდილ კახნიაშვილია, რომელმაც ივანიშვილის წარმომადგენელს, შალვა პაპუაშვილს სასამართლო სხდომების გაშუქების აკრძალვის მოთხოვნით მიმართა, იმ მიზეზით, რომ აღნიშნულ პროცესებზე ხშირად ხდება "სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია".
"დარწმუნებული ვარ, სწორედ სისხლის სამართლის პროცესის "ღიაობა-საჯაროობა-საქვეყნოობის" გონივრულ ფარგლებში შეუზღუდაობის ბრალია, რომ, ერთი მხრივ, განსასჯელის სკამზე აღმოჩენილი ზოგიერთი ბრალდებული (სავარაუდო დამნაშავე) ტელევიზიას (მით უმეტეს, მიკერძოებულს...), შეუძლია, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე წარუდგინოს დამნაშავედ საზოგადოებას და მორალურად გაანადგუროს, მეორე მხრივ კი, თავად განსასჯელს მისცეს შანსი, რომ მოსამართლის ნაცვლად სასამართლო დარბაზიდან მხოლოდ "ქართველ ხალხს" მიმართოს პირდაპირი ეთერით და/ან ბრალმდებელივით (პროკურორივით) ღიად (საქვეყნოდ, საჯაროდ) "ამხილოს" მისთვის არასასურველი ხელისუფლება ("პოლიტიკური გუნდი", "სისტემა", "კლანი", თუ "ოლიგარქი") ან ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატივით "ქვეყნის აღმშენებლობის გეგმაც" გააცნოს ტელემაყურებელს (ფაქტობრივად, ამომრჩეველს)". - ნათქვამია წარდგენილ დოკუმენტში.
წინადადებაში ასევე საუბარია აქციების დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესებზე. კახნიაშვილის თქმით, ბრალდებულებმა ერთ-ერთ სხდომაზე "ფაქტობრივად, აბუჩად აიგდეს მოსამართლე და პროკურორები".
"მიმდინარე წელს გამართულმა სასამართლო პროცესების სერიამაც დაადასტურა, რომ სხდომების ტრანსლაციის შედეგად აშკარად ხდება სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია, ხოლო გუშინდელი სხდომის შემდეგ, რომელზეც, ფაქტობრივად, 11-ვე ბრალდებულმა, ფაქტობრივად, აბუჩად აიგდო მოსამართლეც და პროკურორებიც, თავი ვალდებულად ჩავთვალე პარლამენტისთვის რეაგირებისთვის მომემართა. მით უმეტეს რომ ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება არსებითად არის შეცვლილი". - წერს კახნიაშვილი.
აღნიშნული წინადადების შესახებ პარტია გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ტექსტი "აშკარად ოცნების ოფისშია დაწერილი".
"როგორც ჩანს, ოცნებამ გადაწყვიტა სასამართლო სხდომების დახურვა. 2025 წლის 06 მარტს "საინტერესო" საკანონმდებლო წინადადება აქვს დარეგისტრირებული ვინმე ავთანდილ კახნიაშვილს, სისხლის სამართლის საქმეთა ფოტო-კინო-ვიდეო გადაღების აკრძალვის თაობაზე. საკანონმდებლო წინადადების ტექსტი აშკარად ოცნების ოფისშია დაწერილია". - წერს მეზვრიშვილი.
ცნობისთვის, 2013 წლის მარტში "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებების შედეგად, მოსამართლის თანხმობით შესაძლებელი გახდა სასამართლო სხდომების ფოტო და ვიდეოგადაღება.