სტუდია მონიტორის ინფორმაციით, გენერალურმა პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრის, A.K. Group-ის ხელმძღვანელებსა და აგენტებს უძრავი ქონება დაუყადაღა.
პროკურატურამ საჯარო რეესტრს ქოლ-ცენტრის თანამშრომლების უძრავი ქონების დაყადაღების მოთხოვნით, ორგანიზაციის ცნობით, დღეს, 13 მარტს მიმართა.
ქოლ-ცენტრის შესახებ გამოძიებაზე ჟურნალისტური საგამოძიებო საერთაშორისო ორგანიზაცია OCCRP (Organized Crime and Corruption Reporting Project) და პარტნიორი ქართული ორგანიზაციები - სტუდია მონიტორი, ფლანგვის დეტექტორი, აი ფაქტი, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC) და 30-ზე მეტი საერთაშორისო მედიაორგანიზაციის ჟურნალისტები მუშაობდნენ, ხოლო გამოძიება შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ერთ-ერთი წყაროს მიერ მოწოდებულ მასალაზე არის დაფუძნებული.
სტუდია მონიტორის ინფორმაციით, დაყადაღებულია:
ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელის, აკაკი ქევხიშვილის უძრავი ქონება, კომპანიის წილი და დედის სახელზე რეგისტრირებული ქონება;
A.K. ჯგუფის რეგისტრირებული დირექტორისა და მფლობელის, მერი შოთაძის კომპანიის წილი და უძრავი ქონება, რომელიც მან 25 თებერვალს სხვა პირზე გადააფორმა;
მარიამ ჩარჩიანის მეუღლის სახელზე რეგისტრირებული ორი ბინა თბილისში;
ლანა ვახტანგაძის სახელზე რეგისტრირებული პარკინგი თბილისში;
თახირ სულანოვის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთი მცხეთაში და ბინა თბილისში.
ცნობისთვის, აღნიშნულმა ქოლ-ცენტრმა, ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, 2022 წლის მაისიდან 2025 წლის თებერვლამდე 6100-ზე მეტი ადამიანი გაძარცვა და დაახლოებით 35.3 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.
გამოძიების თანახმად, ქოლ-ცენტრის ოპერატორები ევროპის, კანადისა და ისრაელის მცხოვრებლებს ძარცვავდნენ, ხშირ შემთხვევაში - ასაკოვან პირებს.
30-ზე მეტი საერთაშორისო მედიაორგანიზაცია, მათ შორის, OCCRP და ქართული ორგანიზაციები თაღლითური ქოლ-ცენტრის გამოსააშკარავებლად 2 ტერაბაიტის მოცულობის მონაცემებზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ. მონაცემები თავდაპირველად ანონიმურმა წყარომ შვედეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს მიაწოდა.





