გირჩი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს - ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ ისაუბრეს.
იაგო ხვიჩიას თქმით, სალომე ზურაბიშვილი თუ ბოიკოტისკენ წაიყვანს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას, "ეს იქნება ძალიან კარგი საქმე".
"ხალხს ამდენ პარაზიტს მოაშორებ და არ დააბნევ არჩევნებზე, არ იქნება ცუდი საქმე.
[...] ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხალხს მივცემთ საშუალებას, რომ გააცნონ საზოგადოებას საკუთარი პრობლემები, ხედვები ამ პრობლემების მოსაგვარებლად და გააცნონ საზოგადოებას თავი, როგორც ადამიანებმა, რომლებიც წარმოადგენენ მათ რაღაც კონკრეტული პირობებით" - ამბობს იაგო ხვიჩია გირჩი TV-ის ეთერში.
პროდასავლური ოპოზიციური პარტიები 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობენ. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგნელები მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრებს მართავენ. ბოლო ასეთი შეხვედრა 10 მარტს შედგა.
პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ზურაბიშვილის ინიციატივით ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად შეიქმნება საერთო საკოორდინაციო ფრონტი, სადაც სამოქალაქო სექტორიც ჩართული იქნება.
25 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. მიმართვისას მან მათ შორის, გეგმის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ უალტერნატივო გეგმა ახალი არჩევნების დანიშვნა და მისი მომზადებაა.





