ტრამპის ტარიფები

ლაიენის თქმით, აპრილიდან EU €26 მილიარდის ღირებულების აშშ-ს პროდუქციაზე ტარიფებს დააწესებს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიამ 12 მარტს განაცხადა, რომ აშშ-ს მხრიდან ფოლადსა და ალუმინზე დაწესებული ზოგადი ტარიფების საპასუხოდ, მომდევნო თვიდან ევროკავშირი 26 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფებს დააწესებს. 

თუმცა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა, რომ საკითხზე მოლაპარაკებების მიმართ ღიაა და დაამატა, რომ გაზრდილი ტარიფები არავის ინტერესებში არ შედის.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყველა სახის ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფები დააწესა. თავის მხრივ, ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ ევროკომისიაში თქვეს, რომ ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფების დროებითი შეჩერება 1-ელ აპრილს დასრულდება, ხოლო 13 აპრილისთვის ევროკავშირის მხრიდან ტარიფების შემოღების პროცესი დასრულებული იქნება.

"საპასუხო ზომები, რომლებსაც დღეს ვიღებთ, მტკიცეა, მაგრამ პროპორციული. რადგან აშშ $28 მილიარდის ღირებულების ტარიფებს აწესებს, ჩვენ ვიღებთ საპასუხო ზომებს, რომლის ღირებულებაც €26 მილიარდია". - განუცხადა ლაიენმა რეპორტიორებს.

"ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს, რათა საკუთარი მომხმარებლები და ბიზნესები დაიცვას". - განმარტა მან.

ამასთანავე, ლაიენის თქმით, ევროკავშირი ყოველთვის მზადაა, აღნიშნულ საკითხზე აშშ-სთან მოლაპარაკებები გამართოს.

კომენტარები