საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ს დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას მალე რუსეთს წარუდგენს.
რუბიოს თქმით, "ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა".
"ჩვენ მათ [რუსეთს] ამ შეთავაზებას წავუღებთ და ვეტყვით, რომ ეს დევს მაგიდაზე. [...] უკრაინა მზად არის, შეწყვიტოს სროლა და დაიწყოს საუბარი და ახლა რუსეთზეა დამოკიდებული, დათანხმდება თუ არა" [...] იმედი მაქვს, რომ დათანხმდებიან. თუ ამას გააკეთებენ, ვფიქრობ, დიდი პროგრესი იქნება. თუ უარს იტყვიან, მაშინ, სამწუხაროდ, ჩვენ გვეცოდინება, თუ ვინ აბრკოლებს მშვიდობის დამყარებას" – ამბობს რუბიო.
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინის დელეგაციამ გამოთქვა ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის მზადყოფნა, თუ ამ წინადადებას მხარს რუსეთიც დაუჭერს.
"უკრაინამ გამოტქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ს წინადადება, რომ ამოქმედდეს დაუყოვნებელი, დროებითი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, რომლის გახანგრძლივებაც შესაძლებელი იქნება მხარეთა ურთიერთთანხმობის შედეგად და რომელიც მიღებული იქნება რუსეთის ფედერაციის მიერ საპასუხო ამოქმედების შემთხვევაში." - ნათქვამია დელეგაციების ერთობლივ განცხადებაში და დამატებულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე რუსეთთან კომუნიკაცია აშშ-ს ექნება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დელეგაციებმა განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში სამხედრო ტყვეების გაცვლის, დაპატიმრებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებისა და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების მნიშვნელობა. დელეგაციები ასევე შეთანხმდნენ განსაზღვრონ თავიანთი მოლაპარაკებების ჯგუფების შემადგენლობა და დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას.
ასევე, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები "შეთანხმდნენ, რაც შეიძლება სწრაფად გააფორმონ ყოვლისმომცველი შეთანხმება უკრაინის კრიტიკული მინერალური რესურსების განვითარებაზე, რათა გააძლიერონ ქვეყნის ეკონომიკა და უზრუნველყონ უკრაინის გრძელვადიანი კეთილდღეობა და უსაფრთხოება".
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამშვიდობო პროცესში ჩართული უნდა იყვნენ ევროპელი პარტნიორებიც.
ასევე აღნიშნულია, რომ აშშ აუქმებს სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარებაზე დაწესებულ პაუზას უკრაინასთან.
11 მარტს საუდის არაბეთში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების სტრუქტურა განიხილეს.





