რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

იმედი გვაქვს, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრა დადებით შედეგებს მოიტანს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Pravda.ua

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედს გამოთქვამს, რომ საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ს დელეგაციების შეხვედრა შედეგს გამოიღებს როგორც მშვიდობის მიღწევის, ასევე აშშ-სგან მხარდაჭერის გაგრძელების კუთხით. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

"ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას მშვიდობის მიღწევისთვის – დაგეგმილია ჩემი ვიზიტი საუდის არაბეთში. მომზადებულია უკრაინისა და აშშ-ს დელეგაციების შეხვედრა საუდის არაბეთში. შედეგის დადგომის იმედი გვაქვს როგორც მშვიდობასთან მიახლოების, ასევე მხარდაჭერის გაგრძელების კუთხით". - თქვა ზელენსკიმ.

დღეს უკრაინის დელეგაცია საუდის არაბეთში ჩაფრინდება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის საუდის არაბეთის პრინცს, მუჰამედ ბინ სალმანს დღესვე შეხვდება.

11 მარტს კი ამერიკელი და უკრაინელი მაღალჩინოსნები მხარეებს შორის ურთიერთობების გამოსწორების მიზნით შეხვდებიან, მათ შორის კრიტიკული მნიშვნელობის მინერალებზე შეთანხმების შესაძლო გასაახლებლადაც, რომელზეც ტრამპსა და ზელენსკის ხელი თებერვლის ბოლოსთვის უნდა მოეწერათ.

შეხვედრას უკრაინის მხრიდან პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის ოფისის უფროსის ხელმძღვანელის მოადგილე პაველ პალისა დაესწრებიან.

კომენტარები