ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

აშშ-ს საიმიგრაციო ორგანომ პროპალესტინური საპროტესტო აქციების ლიდერი სტუდენტი დააკავა

მაჰმუდ ხალილი
Photo via CNN

სტუდენტი, რომელიც გასულ წელს ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის კამპუსზე გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ლიდერი იყო, აშშ-ს ფედერალური იმიგრაციის ოფიცრებმა დააკავეს. ინფორმაცია ამერიკულ მედიაში ვრცელდება

მაჰმუდ ხალილი, პალესტინელი ლტოლვილი, რომელიც სირიაში გაიზარდა, კოლუმბიის უნივერსიტეტის კამპუსზე დაბანაკებული პროპალესტინელი მომიტინგე სტუდენტების ლიდერი იყო. იგი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან სტუდენტების სახელით მართავდა მოლაპარაკებებს. 

თავად ხალილი კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საჯარო ურთიერთობების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. 

როგორც დაკავებულის ადვოკატმა ემი გრიერმა BBC-ს უთხრა, ხალილი უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებულ სახლში იყო, როდესაც აშშ-ს იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების ორგანოს (ICE) ოფიცრები მასთან მივიდნენ და დააკავეს. ხალილი სპეციალურ განყოფილებაშია გადაყვანილი. 

ხალილს ICE-ის ოფიცრებმა უთხრეს, რომ მას სტუდენტური ვიზა გაუუქმდა, თუმცა ადვოკატის ცნობით, მისი კლიენტი აშშ-ს კანონიერი და მუდმივი რეზიდენტია, აქვს მწვანე ბარათი და ჰყავს ამერიკელი მეუღლე. 

ხალილის დაკავებას სოციალურ ქსელში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო გამოეხმაურა. 

"ჩვენ ჩამოვართმევთ ვიზებს ან/და მწვანე ბარათებს ჰამასის მხარდამჭერებს ამერიკაში, რათა მათი დეპორტაცია მოხდეს". - დაწერა რუბიომ X-ზე. 

ცნობისთვის, კოლუმბიის უნივერსიტეტი გასული წლის პროპალესტინური სტუდენტური საპროტესტო აქციების ეპიცენტრი იყო, რომელიც ღაზის სექტორში მიმდინარე ომსა და ისრაელისადმი აშშ-ს მხარდაჭერას აპროტესტებდა. 

უნივერსიტეტის კამპუსზე პროტესტის მონაწილე სტუდენტები რამდენიმე კვირის განმავლობაში კარვებით იყვნენ დაბანაკებული. 

მაჰმუდ ხალილის დაკავება უკავშირდება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც "კოლეჯების კამპუსებში ჰამასის ყველა თანამგრძნობი" და ნებისმიერი პირი, რომელიც "პრო-ჯიჰადისტურ პროტესტშია" ჩართული, აშშ-დან იქნებოდა დეპორტირებული. 

ამასთან, ტრამპის ადმინისტრაციამ გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ კოლუმბიის უნივერსიტეტს $400 მილიონის ღირებულების ფედერალური გრანტი აღარ გადაეცემოდა, ვინაიდან უნივერსიტეტმა კამპუსში არსებულ ანტისემიტიზმთან გამკლავება ვერ შეძლო. 

კომენტარები