სირია

სირიაში ახალ რეჟიმსა და ასადის ლოიალისტებს შორის შეტაკების შედეგად 400-ზე მეტია მოკლული

სირიაში, ლატაკიისა და ტარტუსის პროვინციების საპორტო ქალაქებში, ასადის დამხობის შემდეგ, ახალი რეჟიმისა და ასადის ლოიალისტებს შორის ყველაზე სისხლიანი შეტაკებები მიმდინარეობს. 

გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი. გამოცემა The New York Times ბოლო მონაცემებს გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ადამიანთა უფლებების სირიული სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე (SOHR) დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა ასევე წერს, რომ რიცხვების დამოუკიდებლად გადამოწმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. 

ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, მხარეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, რომელიც 6 მარტს დაიწყო, 400-ზე მეტი ადამიანია მოკლული. მათგან 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა, ხოლო დანარჩენი ათეულობით მოკლული დაპირისპირებული მხარეების მებრძოლები. 

ყველაზე მეტი მშვიდობიანი ადამიანი, ორგანიზაციის ცნობითვე, ახალი მთავრობის უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს. ვერ ხერხდება ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმებაც. 

სირიის ინფორმაციის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა უარყვეს "არადოკუმენტირებული ბრალდებები, რომლებიც მთავრობის ძალებს დარღვევების ჩადენაში ადანაშაულებენ". მათ ასევე განაცხადეს, რომ მთავრობა მზადაა, ჩაატაროს ყოვლისმომცველი გამოძიება და პასუხი აგებინოს იმ ადამიანებს, რომლებმაც მშვიდობიან მოქალაქეებს ზიანი მიაყენეს. 

"სირიის მთავრობა ადასტურებს, რომ მისი ძალები მოქმედებენ მკაცრი სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც თანხვედრაშია საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალთან, ხოლო ოპერაციების დროს მშვიდობიან მოქალაქეებს იცავენ". - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

დამხობილი ასადის ლოიალისტებსა და მთავრობის ძალებს შორის შეტაკებები 6 მარტს დაიწყო, რომლის შედეგადაც, ომის სადამკვირვებლო ორგანიზაციის ცნობით, სულ მცირე, უსაფრთხოების ძალებიდან 16 თანამშრომელი დაიღუპა.

თავდასხმა ლატაკიის პროვინციაში მოხდა, რაც სირიის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ასადისთვის დიდი ხნის მანძილზე დასაყრდენ ადგილს წარმოადგენდა. შეტაკებებს ქვეყნის სანაპირო რეგიონში ასევე საპროტესტო აქციები მოჰყვა, რის ფარგლებშიც ათასობით ადამიანი ახალი რეჟიმის ძალებს რეგიონის დატოვებისკენ მოუწოდებდა.

სანაპირო რეგიონი სირიის ახალი რეჟიმისთვის, რომელიც სუნიტი მუსლიმებისგან შედგება, ყველაზე რთულ რეგიონს წარმოადგენს. იგი სირიის ალავიტთა უმცირესობის ცენტრში მდებარეობს, რაც ასადის ოჯახსაც მოიცავს. ალავიტები სირიის მოსახლეობის 10%-ს შეადგენენ და ასადის რეჟიმის დროს მმართველი რეჟიმისა და არმიის მაღალჩინოსანთა რიგებში დომინირებდნენ.

BBC-ის ინფორმაციით, შეტაკებების შემდეგ ლატაკიისა და ტარტუსის საპორტო ქალაქებში რეჟიმმა კომენდანტის საათი შემოიღო. მხარეებს შორის დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა ახალი რეჟიმის მხრიდან ლატაკიაში უსაფრთხოების ოპერაციის დროს ასადის ლოიალისტები სამთავრობო ძალებს თავს მოულოდნელად დაესხნენ.

თავდასხმის შემდეგ რეჟიმმა რეგიონში დამატებით ძალები გაგზავნა, ხოლო სოციალურ მედიაში შეტაკებების ამსახველი ვიდეოებიც გავრცელდა. ამას გარდა, ზოგიერთი ცნობით, შეტაკებები მოხდა ჰომსსა და ალეპოშიც.

კომენტარები