სირია

სირიაში ახალი რეჟიმისა და ასადის ლოიალისტებს შორის შეტაკებებს 200-ზე მეტი ემსხვერპლა

სირიაში, ლატაკიისა და ტარტუსის პროვინციების საპორტო ქალაქებში, ასადის დამხობის შემდეგ, ახალი რეჟიმისა და ასადის ლოიალისტებს შორის ყველაზე სისხლიანი დაპირისპირება მოხდა.

სირიაში ადამიანის უფლებათა ბრიტანული ობსერვატორიის ცნობით, მხარეებს შორის 6 მარტს დაწყებულ შეიარაღებულ დაპირისპირებას დღემდე 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

დაახლოებით 140 ადამიანი ემსხვერპლა ახალი რეჟიმის მებრძოლების მიერ სოფლებზე თავდასხმას, მათ შორის, სირიის სამთავრობო ძალების 50 წევრი და ასადის 45 ლოიალისტი. 

ზემოხსენებული ორგანიზაციის ინფორმაციით, შეტაკებები მაშინ დაიწყო, როდესაც სამთავრობო ძალებმა ზღვისპირა ქალაქ ჯაბლეში ძებნილი პირის დაკავება სცადეს და მოულოდნელად მათ ასადის ლოიალისტები დაესხნენ თავს. 

6 და 7 მარტს ახალი მთავრობის შეიარაღებული ლოიალისტები რამდენიმე ზღვისპირა სოფელს დაესხნენ თავს და 69 მამაკაცი მოკლეს. 

"მათ ყველა კაცი მოკლეს, რომელსაც გადაეყარნენ". - თქვა ობსერვატორიის ხელმძღვანელმა, AP-ის ცნობით. 

კიდევ ერთ სოფელში 60 ადამიანია მოკლული, მათ შორის, ქალები და ბავშვები. 

სირიის ახალმა მთავრობამ გარდაცვლილთა რიცხვი არ გამოაქვეყნა, თუმცა სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზღვისპირა რეგიონში მრავალი ადამიანი წავიდა, რათა შური ეძია სამთავრობო უსაფრთხოების ძალებზე ბოლოდროინდელი თავდასხმების გამო. 

მაღალჩინოსნის თქმით, ამ მოქმედებებმა "ინდივიდუალურ დარღვევებამდე მიგვიყვანა, რის შეჩერებაზეც ვმუშაობთ". 

გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაა ვიდეო-მიმართვაში ასადის შეიარაღებულ ლოიალისტებს მოუწოდა, რომ მათი იარაღი მთავრობისთვის გადაეცათ, ხოლო ახალი მთავრობის მომხრეებს მოუწოდა, თავი შეეკავებინათ სამოქალაქო პირებზე თავდასხმისგან და პატიმრებზე ძალადობისგან. 

"როდესაც ჩვენ კომპრომისს ვუკეთებთ ჩვენ ეთიკას, ჩვენს თავებს მტრის დონეზე დავამდაბლებთ. დაცემული რეჟიმის ნარჩენები ისეთ პროვოკაციას ესწრაფვიან, რომელიც დარღვევებს გამოიწვევს, რომელთა უკანაც თავის შეფარებას შეეცდებიან". - თქვა ალ-შარაამ მიმართვაში. 

კომენტარები