სამედიცინო ექსპერტის დასკვნით, ორი ოსკარის მფლობელი მსახიობი ჯინ ჰეკმანი, რომელიც სახლში თავის ცოლთან, პიანისტ ბეტსი არაკავასთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს, ცოლის სიკვდილის შემდეგ დაახლოებით ერთ კვირაში გარდაიცვალა. ორივე მათგანმა სიცოცხლე ბუნებრივი სიკვდილით დაასრულა.
დასკვნის მიხედვით, 65 წლის არაკავა ჰანტავირუსის შედეგად გარდაიცვალა, რომელიც შესაძლოა რესპირატორულ დაავადებას იწვევდეს და, როგორც წესი, მღრღნელებს გადააქვთ. 95 წლის ჰეკმანი კი არაკავას სიკვდილიდან ერთ კვირაში გულის დაავადების შედეგად გარდაიცვალა, თუმცა მის სიკვდილში მნიშვნელოვანი წვლილი ასევე ალცჰაიმერის დაავადებამ შეიტანა.
ჰეკმანი სახლში, სამზარეულოსთან მდებარე ოთახში აღმოაჩინეს, ხოლო მისი მეუღლე სააბაზანოში იპოვეს. არაკავასთან ახლოს ასევე მკვდარი იპოვეს წყვილის სამი ძაღლიდან ერთ-ერთი.
ჰეკმანისა და არაკავას სხვა ორი ძაღლი კი ცოცხლები იპოვეს.
ჯინ ჰეკმანმა 40-წლიანი კარიერის განმავლობაში, არაერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა.
პირველი დასამახსოვრებელი როლი შეასრულა 1967 წელს ფილმში ბონი და კლაიდი.
მსოფლიო პოპულარობა და პირველი ოსკარი ჰეკმანს უილიამ ფრიდკინის French Connection-ში შესრულებულმა მთავარმა როლმა მოუტანა.
1970-იან წლებში შეასრულა როლები ფილმებში The Conversation, Young Frankenstein, The Domino Principle, A Bridge Too Far, Superman, Superman II.
1992 წელს კლინტ ისტვუდის ვესტერნში The Unforgiven შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის მიიღო მეორე ოსკარი.
ბოლო დასამახსოვრებელი როლი ითამაშა უეს ანდერსონის კომედიაში The Royal Tenenbaums.
ოსკარის გარდა, მიღებული აქვს ორი BAFTA-ს ჯილდო, ოთხი ოქროს გლობუსი, ბერლინის კინოსფესტივალის ჯილდო, 10 კინოკრიტიკოსთა ჯილდო.
1991 წელს ჯინ ჰეკმანი დაქორწინდა კლასიკური მუსიკის პიანისტზე, ბეტსი არაკავაზე.





