უკრაინამ გაერთიანებული სამეფოსგან დაახლოებით $1 მილიარდის ღირებულების დახმარება მიიღო, რომელიც გაყინული რუსული აქტივებისგან მიღებული შემოსავლებით დაფინანსდა.
ინფორმაციას Reuters უკრაინის პრემიერმინისტრ დენის შმიგალის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ფონდები უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში დაიხარჯება.
ჩვენ მოველით, რომ რუსეთის ფედერაციის ყოველი სუვერენული აქტივის კონფისკაცია მოხდება და სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ იქნება გამოყენებული". - თქვა უკრაინის პრემიერმინისტრმა.
ცნობისთვის, 1-ელ მარტს, ლონდონში ევროპელი ლიდერების შეხვედრამდე 1 დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა და ქვეყნის პრემიერმინისტრს, კირ სტარმერს შეხვდა.
ამავე დღეს ბრიტანელმა და უკრაინელმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც გაერთიანებული სამეფო გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებიდან 2.24 მილიარდ ფუნტს (დაახლოებით 2.9 მილიარდი დოლარი) უკრაინას სესხის სახით გადასცემს.