რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

The Guardian: ბრიტანეთი უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას გააგრძელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები რუსეთის საზღვრის მახლობლად, სუმის ოლქში, 2024 წლის 16 აგვისტო.
REUTERS/Viacheslav Ratynskyi

აშშ-ს მიერ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეწყვეტის შემდეგ, ამას გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს, თუმცა, როგორც გამოცემა The Guardian წერს, ბრიტანეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებს ამ საკითხში აშშ-ს შესაძლებლობების ჩანაცვლება გაუჭირდებათ. 

ამასთან, როგორც გამოცემას წყაროები ეუბნებიან, გაერთანებული სამეფო გააგრძელებს დაუმუშავებელი მონაცემების ანალიზის მიწოდებას უკრაინისთვის, თუმცა ჩვეულებრივი სადაზვერვო პრაქტიკის შესაბამისად, არ გადასცემს ამერიკული დაზვერვის ინფორმაციას, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ორ ქვეყანას შორის დიდი ხნის დამკვიდრებული შეთანხმებებითა და არხებით იღებს. 

"ისინი ვერ მიდიან ისე შორის, როგორც აშშ-ს შესაძლებლობები, არ არიან ერთნაირ სკალაზე და არ შეუძლიათ მათი ადგილის დაკავება". - თქვა თეთრი სახლის ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბრისას. თუმცა, ბრიტანული სადაზვერვო ინფორმაცია უკრაინელებს საშუალებას მისცემს, კვლავ მიიღოს გაფრთხილებები თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე. 

როგორც The Guardian წერს, სადაზვერვო მონაცემები გროვდება სატელიტებიდან, სახმელეთო სადგურებიდან, სათვალთვალო თვითმფრინავებიდან, როგორიცაა Rivet Joint და ფარული სახმელეთო ძალებიდანაც კი, რაც საბოლოოდ ღია წყაროების მასალებთან ერთად უკრაინას მიეწოდება, რათა საშუალება მიეცეს, ღრმა სარაკეტო იერიშები მიიტანოს რუსეთის ტერიტორიაზე. 

გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას აგრძელებს საფრანგეთიც, რომელმაც ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა. 

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს გადაწყვეტილებას "მნიშვნელოვანი ოპერაციული გავლენა" ექნება, პარიზი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას საკუთარი "სუვერენული დაზვერვით". 

ცნობისთვის, ორშაბათს, 3 მარტს აშშ-მ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა, რომელიც კიევისთვის ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასაც მოიცავდა. 

თეთრი სახლის აღნიშნული გადაწყვეტილება მეტწილად უკავშირდება ოვალურ კაბინეტში 28 თებერვალს მომხდარ მწვავე კამათს აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის. 

The Guardian-ის ცნობით, ერთ-ერთი ექსპერტი ამბობს, რომ აშშ-ს გადაწყვეტილება, შეაჩეროს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება, რუსეთს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის წინააღმდეგ შეტევითი საბრძოლო ქმედებების ხელახლა წამოწყებას გაუმარტივებს. ექსპერტის თქმით, კრემლს, სავარაუდოდ, შეეძლება, "ყველაფერი ხარკივთან ახლოს, საზღვართან განალაგოს და ხელახლა დაესხას მას თავს". 

კომენტარები