უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაღალი თანამდებობის პირებს – თავდაცვის მინისტრს, სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებსა და დიპლომატებს დაავალა დაუკავშირდნენ ამერიკელ კოლეგებს და მიიღონ ოფიციალური ინფორმაცია სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმების შესახებ.
ზელენსკის თქმით, დღეს უკრაინაში ბევრს აქვს ერთი შეკითხვა: რა მოხდება აშშ-ს სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით.
"უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებსა და დიპლომატებს დავავალე, რომ დაუკავშირდნენ აშშ-ში თავიანთ კოლეგებს და მიიღონ ოფიციალური ინფორმაცია. ხალხს არ უნდა მოუწიოს გამოცნობა. უკრაინა და აშშ იმსახურებენ პატივისცემით სავსე დიალოგს და ერთმანეთის მკაფიო პოზიციების გაგებას". - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარება იანვრის ბოლოს შეწყდა, თუმცა, "ყველაფერი სწრაფად განახლდა". მისი თქმით, უკრაინის სამხედრო ძალებმა და სპეციალური სამსახურებმა იმუშავეს მოქმედების გეგმაზე, რათა შეძლონ დახმარებასთან დაკავშირებით პარტნიორების მხრიდან ნებისმიერი სახის ცვლილებასთან გასამკლავებლად.
"2022 წელი აღარ არის. ახლა ჩვენი გამძლეობა უფრო მაღალია, გვაქვს დაცვის საშუალებები, თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნორმალური, პარტნიორული ურთიერთობები აშშ-სთან, რათა ომი ნამდვილად დასრულდეს". - თქვა ზელენსკიმ.
ამერიკულ მედიაში გავრცელებული ცნობით, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა. გამოცემები ინფორმაციას თეთრი სახლისა და თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ანონიმური მაღალჩინოსნის თქმით, აშშ უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარებას აჩერებს, სანამ ტრამპი არ განსაზღვრავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მშვიდობის მიღწევის მიზნისადმი ერთგულია.
CNN-ის ცნობით, რამდენიმე ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მის უფროსი თანაშემწეები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ, სანამ მხარეები მინერალების შეთანხმებას დაუბრუნდებიან.
ამასთან, RBC Ukraine-მ გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება არ შეუწყვეტია.