გერმანიის ქრისტიან დემოკრატიული კავშირმა (CDU/CSU) და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ საკონსულტაციო მოლაპარაკებების ფარგლებში, შეთანხმებას მიაღწიეს ასობით მილიარდი ევროს ღირებულების დაფინანსების პაკეტზე. ამის შესახებ გერმანიის მომავალმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბერლინში, მარკუს ზიოდერთან (CSU), ლარს კლინგბაილთან (SPD) და სასკია ესკენთან (SPD) ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
შეთანხმების მიხედვით, მშპ-ს 1%-ზე მეტის ღირებულების თავდაცვის ხარჯები შიდა სახელმწიფო ვალის შეზღუდვებისგან უნდა გათავისუფლდეს. ასევე, უნდა შეიქმნა 500 მილიარდი ევროს ღირებულების ფონდი, რომელიც მომდევნო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს მოხმარდება.
"სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს წინაშე მდგომი ამოცანების მასშტაბს და მზად ვართ გადავდგათ პირველი აუცილებელი ნაბიჯები და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები [...] ჩვენი თავისუფლებისა და კონტინენტზე მშვიდობის წინააღმდეგ არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით, დღეს ჩვენი თავდაცვის დევიზი უნდა იყოს: რადაც არ უნდა დაჯდეს!". - თქვა მერცმა.
პარტიების საპარლამენტო ჯგუფები კანონის ცვლილების შესახებ წინადადებას ბუნდესტაგის მიმავალ შემადგენლობას მომდევნო კვირაში წარუდგენენ.
ამჟამად, მიმავალ ბუნდესტაგში CDU/CSU-ს და SPD-ს ორივე ცვლილებისთვის საჭირო უმრავლესობა არ აქვთ. ცვლილებებს დეპუტატების საერთო რაოდენობის 2/3-ის მხარდაჭერა სჭირდება. შესაბამისად, ინიციატივებს მწვანეების ან თავისუფალი დემოკრატების (FDP) დეპუტატების მხარდაჭერაც დასჭირდება.





