გამოცემა Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პენტაგონმა რუსეთის წინააღმდეგ შეტევითი კიბეროპერაციების შეწყვეტის შესახებ მედიაში გავრცელებული ცნობები უარყო.
Bloomberg-ის თანახმად, დაუსახელებელმა თანამდებობის პირმა თქვა, რომ აშშ-ს თავდაცვის მინისტრს, პიტ ჰეგსეთს პენტაგონისთვის რუსული სამიზნეების წინააღმდეგ შეტევითი კიბეროპერაციების გაუქმების ან გადადების განკარგულება არ გაუცია.
მანამდე, CNN ამერიკელ თანამდებობის პირზე დაყრდნობით ავრცელებდა ცნობას, რომ აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ შეტევითი კიბეროპერაციების დაგეგმვა და განხორციელება შეაჩერა.
CNN-თან საუბრისას ანონიმური ოფიციალური პირების თქვეს, რომ რუსეთი და აშშ კიბერსივრცეში რეგულარულ დაპირისპირებაში არიან, ხოლო კრემლი კიბერსივრცეს უყურებს, როგორც აშშ-სთან ასიმეტრიული უპირატესობის წყაროს, ვინაიდან მას შეუძლია, აშშ-ს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში შეაღწიოს და აშშ-ს არჩევნებზე გავლენის მოხდენა სცადოს.
კრემლის ამ ძალისხმევის გასანეიტრალებლად, ამერიკული სამხედრო და სადაზვერვო ჰაკერები ბოლო წლების განმავლობაში რუსი კიბერდამნაშავეებისა და დაზვერვის ოპერატორების წინააღმდეგ მოქმედებდნენ.
ცნობების პარალელურად, ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, უკრაინაში ომის დაწყებიდან 3 წლის თავზე რუსეთთან დაძაბული ურთიერთობები განმუხტოს.
საელჩოების საკითხზე მოლაპარაკებები მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის 27 თებერვალს თურქეთში გაიმართა. სტამბოლში შეხვედრაზე ამერიკულმა და რუსულმა მხარეებმა საელჩოების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნების საკითხზე, კერძოდ, მომსახურე პერსონალისა და მათი საბანკო და საკონტრაქტო სერვისების აღდგენის შესახებ ისაუბრეს.
მოლაპარაკებები, რომელიც 6 საათზე მეტი გაგრძელდა, სტამბოლში აშშ-ს გენერალური კონსულის რეზიდენციაში გაიმართა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის საუდის არაბეთში გამართული შეხვედრიდან თითქმის 10 დღის შემდეგ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრაზე ამერიკულ მხარეს წარმოადგენდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე რუსეთისა და ცენტრალური ევროპის საკითხებში, სონატა კოლტერი, ხოლო რუსულ მხარეს წარმოადგენდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოატლანტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრ დარჩიევი.
28 თებერვალს რუსეთმა ვაშინგტონში ახალ ელჩად სწორედ ალექსანდრ დარჩიევი დაასახელა. რუსეთის საგარეო საქმეთასამინისტრომ ამავე დღეს განაცხადა, რომ დარჩიევის კანდიდატურას სტამბოლში 27 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე აშშ-ს მხარემ მწვანე შუქი აუნთო.
რუსეთს გასული ოქტომბრის შემდეგ აშშ-ში საკუთარი ელჩი არ ჰყავს. ბოლო ელჩი, რომელიც რუსეთში ოქტომბერში დაბრუნდა, ანატოლი ანტონოვი იყო.





