ისრაელი

ისრაელში თავდასხმას 70 წლის კაცი ემსხვერპლა, ხოლო 4 პირი დაშავდა, მათ შორის, 15 წლის ბიჭი

David Cohen/Flash90

ისრაელში ჰაიფას ავტოსადგურზე დანით თავდასხმის შედეგად 70 წლის კაცი დაიღუპა და, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 15 წლის ბიჭმა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო. 

პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდასხმა ტერორისტული აქტი იყო. 

სერიოზულად დაშავებული ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს - ამჟამად სასწრაფო ოპერაციის ჩატარების შემდეგ მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

თავდამსხმელმა დაღუპულ 70 წლის კაცს დანა ზურგში დაარტყა და 4 ადამიანი დააზიანა, სანამ ავტობუსის სადგურის დაცვის თანამშრომელმა და შეიარაღებულმა გამვლელმა ესროლეს და მოკლეს. 

ბიჭის გარდა დაახლოებით 70 წლის ქალი და დაახლოებით 30 წლის კაცი და ქალი საავადმყოფოში  ნაკლებად სერიოზული დაზიანებებით გადაიყვანეს. 

არსებული ცნობებით, პოლიციამ ბრალდებულის სახლში ჩხრეკა ჩაატარა და მისი ოჯახის წევრები დაკითხა. 

ბრალდებულის ოჯახი უარყოფს, რომ მან თავდასხმა ტერორისტული მოტივით მოაწყო და ამბობს, რომ მას ფსიქიატრიული აშლილობა ჰქონდა. 

ისრაელურ მედია Walla-სთან საუბრისას თვითმხილველმა თქვა, რომ ბრალდებულმა თავდასხმამდე "ალაჰუ აკბარ!" (ღმერთი უდიდესია) იყვირა. 

კომენტარები