ოკუპირებული აფხაზეთი

ბადრა გუნბა აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

ბადრა გუნბა
Dmitry Feoktistov / TASS

რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ერთ-ერთმა "კანდიდატმა", ბადრა გუნბამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. 

ე.წ. მეორე ტურში მონაწილეობა ორმა "საპრეზიდენტო" კანდიდატმა - ადგურ არძინბამ და ბადრა გუნბამ მიიღო. მარიონეტი პრეზიდენტის თანამდებობისთვის გუნბა მოსკოვის ფავორიტი კანდიდატია. 

"ყველამ იცით წინასწარი შედეგები, ეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჩვენდამი ნდობის დამსახურებაა. [...] ეს არ არის ბადრა გუნბასა და ბესლან ბიგვავას გუნდის გამარჯვება, ეს აფხაზეთის ხალხის გამარჯვება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის". - თქვა გუნბამ. 

ე.წ. არჩევნების "ოფიციალური წინასწარი შედეგები" ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა მას დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაქვეყნებს. 

მედიასა და აფხაზურ ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, "არაოფიციალური წინასწარი შედეგები" მართლაც გუნბას "გამარჯვებას" ასახავენ. მედიაში არსებული ცნობებით, გუნბას "გამარჯვებას" რუსეთი უჭერს მხარს. 

ცნობისთვის, 15 თებერვალს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. 

არძინბამ ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების დაახლოებით 36.9% აიღო, ხოლო გუნბამ - 45.8%. 

15 თებერვლის "არჩევნები" ვადამდელი იყო, რადგან 2024 წლის მიწურულს თანამდებობა მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ დატოვა, ხოლო მისი მოვალეობების შემსრულებელი ბადრა გუნბა გახდა.

არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი ღიად პრორუსია, თუმცა კრემლის ფავორიტი ბჟანიას თანაგუნდელი გუნბაა, რომელიც ბოლო პერიოდში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის პირველ მოადგილეს სერგეი კირიენკოს.


2024 წლის ნოემბერში ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციები დაიწყო, მომიტინგეები რუსეთთან გასაფორმებელი საინვესტიციო კანონსა და მისი შინაარსს აპროტესტებდნენ.

15 ნოემბერს, სოხუმში მომიტინგეები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობის ეზოში შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.

დე ფაქტო ოპოზიციამ ე.წ. სახელმწიფო შენობათა კომპლექსი დაიკავა. აქციის მონაწილეები ბჟანიას გადადგომას ითხოვდნენ.

19 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგა. მოგვიანებით ჩაინიშნა ვადამდელი არჩევნები.

კომენტარები