The Washington Post-ის ინფორმაციით, Tesla კალიფორნიაში უფასო თვითმავალი ტაქსის სერვისის გაშვებისათვის ემზადება.
გამოცემის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიას ამჟამად აქვს ნებართვა, რომ შტატში გამოსცადოს თავისი თვითმავალი მანქანები, თუმცა საჭესთან ადამიანი უნდა იმყოფებოდეს. დამატებითი ნებართვის მიღების შემთხვევაში, Tesla-ს მომხმარებლები შეძლებენ, უფასოდ გამოიძახონ კომპანიის ავტომობილები. გეგმის მიხედვით, დამატებითი ნებართვის მოპოვების შემდეგ კომპანია გეგმავს ფასიანი სერვისის გაშვებას, რომელიც მომავალში მგზავრების მთელი შტატის მასშტაბით ავტონომიურად გადაყვანას შეძლებს.
ელექტრომობილების მწარმოებელმა, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც ილონ მასკია, გასული წლის ბოლოს კალიფორნიის საჯარო კომუნალური მომსახურების კომისიაში (CPUC) ნებართვის მისაღებად განაცხადი შეიტანა. როგორც გამოცემა წერს, ეს ნაბიჯი Tesla-ს თვითმავალი სატრანსპორტო სერვისების გაფართოების მიმდინარე ძალისხმევის ნაწილია.
The Washington Post-ის მიხედვით, კალიფორნიის საჯარო კომუნალური მომსახურების კომისიის (CPUC) წარმომადგენელმა, ტერრი პროსპერმა, მათ დაუდასტურა, რომ Tesla-ს ნებართვა "განხილვის პროცესშია", თუმცა დამატებითი დეტალების გაზიარებაზე უარი განაცხადა.





